weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზელიმხან ბაკაევის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია, ვარაუდობენ რომ ის ჩეჩნეთში მოკლეს

22:04 კვირა, 05 ნოემბერი 2017

რუსული უფლებადამცველი ორგნიზაცია "მემორიალი" შიშობს, რომ ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც ორი თვის წინ გაუჩინარდა, შესაძლოა არატრადიციული სექსუალური ორენტაციის მიზეზით ჩეჩნეთში მოკლეს.

"როდესაც ადამიანი უჩინარდება და პოლიცია უარს ამბობს მისი გაუჩინარების გამოძიებაზე, სერიოზული შიშები გვიჩნდება იმასთან დაკავშირებით, ცოცხალია ეს ადამიანი თუ არა",- განაცხადა "მემორიალის" წარმომადგენელმა ოლეგ ორლოვმა.

26 წლის ზელიმხან ბაკაევი 8 აგვისტოს გაუჩინარდა, როდესაც მოსკოვიდან გროზნოში დის ქორწილზე დასასწრებად გაემგზავრა. 24 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ბაკაევი ამბობს, რომ გერმანიაში დასასვენებლად იმყოფება. მისი ახლობლების და უფლებადამცველების განცხადებით, ვიდეო დადგმულია და რუსეთშია ჩაწერილი, რადგან კადრში ჩანს რუსული ავეჯი და სასმელები, რომელიც გერმანიაში არ იყიდება.

7 ოქტომბერს ზელიმხან ბაკაევის დედამ მიმართვა გაავრცელა და შვილს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ზელიმხან ბაკაევი როგორც მომღერალი ცნობილი 2012 წელს გახდა. ის ჩეჩნურად მღეროდა და ერთ-ერთი სიმღერა "სად ხარ, სიყვარულო?" ჩეჩნეთში ჰიტიც კი გახდა. ბოლო წლებში მომღერალი მოსკოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გაუჩინარების შემდეგ მისი ანგარიში "ინსტაგრამში" წაიშალა, თუმცა მანამდე სოციალურ ქსელში გაავრცელა რამზან კადიროვთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით "ათასი სიტყვის ნაცვლად".

მაქსიმ ლაპუნოვი პირველი ადამიანია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს ღიად ისაუბრა ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთში მისი დაკავებისა და წამების შესახებ.

ლაპუნოვი 2015 წლიდან ჩეჩნეთში შოუ-ბიზნესის სფეროში მოღვაწეობდა. მიმდინარე წლის მარტში ის გროზნოში დააკავეს. ლაპუნოვის თქმით, მასთან ერთად მისი ნაცნობიც აწამეს, რის შემდეგაც საკანში მოათავსეს, რომელიც სისხლით იყო სველი.

ინფორმაცია ჩეჩნეთში ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ეჭვმიტანილი ადამიანების მიმართ ძალადობის თაობაზე პირველად რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემა "ნოვაია გაზეტამ" გაავრცელა. აპრილის დასაწყისში გამოცემამ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებს დევნიან და დააკავეს ასზე მეტი ადამიანი, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე სამი მამაკაცი. გამოცემა ასევე იუწყებოდა, რომ ჩეჩნეთში საიდუმლო ციხეები არსებობს, სადაც გეებს უკანონოდ ამყოფებენ და აწამებენ. ეს ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უარყო. გეების დევნა ვერც ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა. თუმცა, ჟურნალისტური გამოძების გამოქვეყნების შემდეგ სპეციალური ანგარიში მოამზადა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰომოსექსუალების დევნასა და წამებას შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი, მეტსახელად „ლორდი“, ხელმძღვანელობდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]