weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

70 წლის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში ლეოპარდი დააფიქსირეს

00:50 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

ჩრდილოეთ ოსეთში, ალაგირის რაიონში დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერებმა კავკასიური ლეოპარდი დააფიქსირეს, რომელიც უკვე დაახლოებით 70 წელია, რაც ამ რეგიონში გადაშენებულ სახეობად ითვლებოდა.

"კომსომოლსკაია პრავდას" ინფორმაციით, ლეოპარდი ზარამაგის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე გამოჩნდა. როგორც "როსჰიდროში" განაცხადეს, ეს მტაცებელი ცხოველი 1950-იან წლებში რუსეთის ტერიტორიაზე ოთხჯერ ნახეს, აქედან სამი შემთხვევა სწორედ ამ რეგიონში დაფიქსირდა.

"მტაცებელი ჰიდროელექტროსადგურს ბუნებრივ აუზად მიიჩნევს და ამიტომაც ჩნდება მის სიახლოვეს. ვიდეო-კამერებს დაფიქსირებული აქვთ არა მხოლოდ ლეოპარდი, არამედ ჯიხვები და არჩვები, რომლებიც ამ მტაცებლის საკვებ ბაზაში შედიან. ასეთი დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ოსეთში ამ სახეობის აღსადგენად", - განაცხადა მეცნიერმა ანნა აჩმენნიკოვამ.

მეცნიერები წლის ბოლომდე ჰესის ტერიტორიაზე ახალი კამერების დამონტაჟებას გეგმავენ, რათა უფრო მეტი გაიგონ წითელ ნუსხაში შესული მტაცებელი ცხოველის ცხოვრებისა და გადაადგილების შესახებ.

კავკასიური ლეოპარდი, რომელიც ასევე ცნობილია სპარსული ლეოპარდის სახელით, საქართველოში კი მას "ჯიქსაც" უწოდებენ, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის მთიან რეგიონებში წარსულში გავრცელებული სახეობა იყო. თუმცა, მათმა რიცხვმა საგრძნობლად იკლო მე-20 საუკუნეში.

საქართველოში ერთი ინდივიდი მონადირეებმა 1954 წელს, საგურამოს ქედზე მოკლეს. მას შემდეგ საქართველოში ლეოპარდის არსებობის ფაქტი აღარ დადასტურებულა. თუმცა, არსებობს ცნობები, რომ 1980-იან წლებამდე ის ნახეს ფშავ-ხევსურეთში.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა "ნაკრესმა" ლეოპარდის კვალს 2003 წელს ვაშლოვანში მიაგნო, სადაც ის ფოტოხაფანგის ფირზეც აღიბეჭდა. ორგანიზაციამ კვლევა თუშეთშიც ჩაატარა, თუმცა ფოტოხაფანგებმა ლეოპარდი ვერ დააფიქსირეს.

2013-2014 წლებში ლეოპარდი დაფიქსირდა თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]