weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

28 წლის ჩეჩენი, რომელიც ამბობდა რომ გეია, ხალხს და მთავრობას პატიებას სთხოვს

14:13 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

28 წლის მოვსარ ესკერხანოვი - ეთნიკური ჩეჩენი, რომელმაც ღია განაცხადა რომ გეია, ჩეჩნეთის ტელევიზიის საშუალებით ჩეჩნეთის მთავრობას და ხალხს პატიებას სთხოვს. ესკერხანოვის განცხადებით, მისი აღიარება დასავლელი ჟურნალისტების ზეწოლის შედეგად მოხდა, რომლებმაც ის „ჩეჩნეთის მთავრობის და ჩეჩენი ხალხის წინაშე შეარცხვინეს“.

სექტემბერში გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა „თაიმ“-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ამბობენ, რომ ჩემში დემონი ცხოვრობს“, რომელიც ჩეჩნეთის მკვიდრის მოვსარ ესკერხანოვის შესახებ არის. სტატიის მიხედვით, 2013 წლიდან ესკერხანოვი ევროპაში, ამჟამად კი გერმანიაში ცხოვრობს. მას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ორჯერ უთხრეს. ბოლოს უარი სექტემბერში მიიღო და გერმანიის მთავრობამ მას ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთში მისი დეპორტაცია მოხდება, რაზეც ესკერხანოვი უარს ამბობს, რადგან შიშობს, რომ ჩეჩნეთში მოკლავენ.

„არასოდეს მდომებია ჩემი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. თუმცა, გეი ჩეჩნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად წავალთ. შეიძლება მარსზე გავფრინდეთ, მაგრამ იქ თუ სხვა ჩეჩნები იქნებიან, სიმშვიდეში ცხოვრების შესაძლებლობას არასოდეს მოგვცემენ“, - ამბობდა მოვსარ ესკერხანოვი.

Time-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ის აცხადებდა, რომ თავისი აღიარებით სხვა ჩეჩენი გეების დახმარება სურდა და მოუწოდებდა მათ, არაფერს შეუშინდნენ.

„ჩეჩნებისთვის სიტყვა „გეი“ ცხოველს ნიშნავს, რადგან მათთვის ის ადამიანი არ არის. ბევრ სხვა ბიჭს ვიცნობდი, რომელიც მოკლეს. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. უნდა გამოხვიდე და საჯაროდ თქვა, ვინ ხარ. მე არ მსურს და არც დავიფარავ სახეს. დაე, მთელმა მსოფლიომ ნახოს ის. თუ რუსეთში გამგზავნიან, ჩეჩნეთში წამიყვანენ და უბრალოდ მომკლავენ. თუ მე ხვალ აღარ ვიქნები, მსურს სხვა გეებს ვუთხრა: არ უნდა გეშინოდეთ, უნდა გააგრძელოთ ცხოვრება“, - აცხადებდა ესკერხანოვი.

მოვსარ ესკერხანოვს გერმანიაში ცხოვრების ნებართვის მიღებაში გერმანულ-კავკასიური კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ეკეხარდ მაასი ეხმარება. „ბი ბი სის“ რუსულ სამსახურთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „გროზნი ტვ“-ში სიუჟეტის გასვლამდე, მასთან ჟურნალისტის სტატუსით მამაკაცი მივიდა და ესკერხანოვის საკონტაქტო ინფორმაცია მოსთხოვა.

„ვკითხე თუ რისთვის დასჭირდათ მოვსარი, რაზეც მიპასუხა, რომ ჩეჩნური მედიისთვის რაღაცის გაკეთება სურდა. მე ვკითხე, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ მოვსარსაც ენდომებოდა ეს. ნომერი არ მივეცი, თუმცა დავპირდი რომ მის თხოვნას მოვსარს გადავცემდი. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ, თუმცა არ ვიცოდი, რომ შეხვდნენ“, - ამბობს მაასი.

უფლებადამცველის თქმით, ესკერხანოვმა ჩეჩნურ საზოგადოებას ომი გამოუცხადა და მას საფრთხე ემუქრება. „სამი წლის განმავლობაში მას რამდენჯერმე დაესხნენ თავს ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები და ალბათობა, რომ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოკლან, ძალიან რეალურია“.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახური ამ საკითხზე თავად მოვსარ ესკერხანოვს ვერ დაუკავშირდა.

„გროზნი ტვ“-ს მიერ ნოემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ესკერხანოვის დედას ხალხისთვის თვალებში შეხედვის სცხვენია. მისი დის განცხადებით კი, ის ნაშვილებია და ოჯახს ბევრ პრობლემას უქმნიდა. „თუ ახლა გზას ასცდა, აღარ გვჭირდება“, - ამბობდა ის. „გროზნი ტვ“-მ ასევე გაავრცელა ფსიქოლოგის კომენტარი, ვისი აზრითაც, „მოვსარი ფსიქოპატია“.

ინფორმაცია ჩეჩნეთში ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ეჭვმიტანილი ადამიანების მიმართ ძალადობის თაობაზე პირველად რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ გაავრცელა. აპრილის დასაწყისში გამოცემამ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებს დევნიან და დააკავეს ასზე მეტი ადამიანი, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე სამი მამაკაცი. გამოცემა ასევე იუწყებოდა, რომ ჩეჩნეთში საიდუმლო ციხეები არსებობს, სადაც გეებს უკანონოდ ამყოფებენ და აწამებენ. ეს ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უარყო. გეების დევნა ვერც ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა. თუმცა, ჟურნალისტური გამოძების გამოქვეყნების შემდეგ სპეციალური ანგარიში მოამზადა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰომოსექსუალების დევნასა და წამებას შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი, მეტსახელად „ლორდი“, ხელმძღვანელობდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]