weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შსს-ს განცხადებით ჩეჩნეთში გეების დევნა და მკვლელობა არ დადასტურდა

00:28 კვირა, 14 მაისი 2017

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დევნა და მკვლელობა არ დადასტურდა. მათი განმარტებით, გეების დევნის თაობაზე მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩეჩნეთის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

როგორც ჩეჩნეთის შს მინისტრის, რუსლან ალხანოვის განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცავ ორგანოებს არ მიუღიათ შეტყობინება რესპუბლიკაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების შევიწროვებისა და მოკვლის შესახებ.

"ფსევდოსენსაციური განცხადება, რომ თითქოს, 160-ზე მეტი მამაკაცი დააკავეს და მათგან 50 მოკლეს, გამონაგონია და საფუძველი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში არ შემოსულა არცერთი მიმართვა. ვამოწმებთ ყოველ ფაქტს, რომელიც მედიასაშუალებებმა ამ თემაზე გააჟღერეს. ხმაურს კი, რომელსაც ჩეჩნების ფსევდოუფლებადამცველები იწვევენ, აქვს პროვოკაციული ხასიათი და მიზნად ისახავს საზოგადოების თვალში ჩეჩნეთის რესპუბლიკის დისკრედიტაციას", - განაცხადა რუსლან ალხანოვმა.

მისივე თქმით, პროცედურული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტო სასამართლოსაც მიმართავს.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში რუსულმა გამოცემამ „ნოვაია გაზეტა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩეჩნეთში ბოლო თვეების განმავლობაში დააკავეს ასზე მეტი ადამიანი, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე სამი მამაკაცი.

სტატიის გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა ჩეჩნეთში გეების უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას.

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ჩეჩნეთში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები არ არიან.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]