weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

16:42 პარასკევი, 30 ივნისი 2017

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

კომპლექსში შემავალი ობიექტებია: ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი; რკინიგზის სადგურები: ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, საკოჭავი, ბაკურიანი; წაღვერი-ცემის სარკინიგზო ხიდი (ეიფელის ხიდი) და პორტერის ტიპის ორთქლმავალი („კუკუშკა“).

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. 37.2 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზი ბორჯომის რკინიგზის სადგურზე იწყება და  დაბა ბაკურიანში სრულდება. ხაზი გადის შემდეგ სადგურებს: ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, საკოჭავი, ბაკურიანი. ყველა მათგანი რკინიგზის ამუშავების დროსაა გაკეთებული და დღემდე მოქმედია.

1902 წლისთვის ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზზე სამოძრაოდ სპეციალურად ინგლისიდან იქნა ჩამოტანილი პორტერის ტიპის ორთქლმავალი („კუკუშკა“). 1967 წელს რკინიგზამ ელექტროფიკაცია განიცადა, ამიტომ შეიცვალა ორთქლმავალიც და მისი ადგილი ელექტრომატარებელმა დაიკავა. ძველი კუკუშკა კი ბორჯომში სამუზემო ექსპონატად იქცა. დღეს რკინიგზაზე სწორედ 1967 წელს ჩამოყვანილი ლოკომოტივი დადის.

რკინიგზის შემადგენელი ნაწილია წაღვერ-ცემის მაკავშირებელი ხიდი მდინარე გუჯარულაზე, რომელიც მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს ალექსანდრ გუსტავ ეიფელს. მისი კონსტრუქცია 1902 წელს ჩამოიტანეს ბორჯომის ხეობაში და ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს. ხიდი მთლიანად რკინის კონსტრუქციაა, რომელზეც ერთი ლიანდაგის ხაზი გადის.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო ხაზია საქართველოში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]