weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნანა ჯორჯაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდება

14:53 შაბათი, 01 ივლისი 2017

ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (AMPAS) აქტიურად განაგრძობს შემადგენლობის გაფართოებას. კინოაკადემიამ საკუთარ რიგებში დასამატებლად ამჯერად მსოფლიო კინოინდუსტრიის 774 წარმომადგენელს გაუგზავნა მოსაწვევი. მათ შორისაა ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძეც, რომლის ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული ნამუშევარია, რომელიც ოსკარზე საქართველოს სახელით იყო წარდგენილი საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიას უკვე ჰყავს ქართველი წევრი - რეჟისორი ზაზა ურუშაძე, რომელიც ორი წლის წინ გახდა კინოაკადემიის წევრი. წლევანდელ მიპატიჟებულ კანდიდატებს შორის კი არიან: უკრაინელი სცენარისტი და რეჟისორი კირა მურატოვა, შოტლანდიელი რეჟისორი გაი რიჩი, ასევე პოპულარული ვარსკვლავები - მონიკა ბელუჩი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ომარ სი, გალ გადოტი, ელ ფენინგი და სხვები.

უპრეცედენტო რაოდენობის სხვადასხვა ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა ნიშნით შერჩეულ კანდიდატთა დამატება (შედარებისთვის, შარშან კინოაკადემიამ 683 წევრი დაიმატა) იმ დისკრიმინაციული პრობლემების აღმოფხვრის შემადგენელი ნაწილია, რის გამოც კინოაკადემიის ბოლო ორი დაჯილდოება მკაცრად გააკრიტიკეს. მოგეხსენებათ, ოსკარების ბოლოსწინა ცერემონიაზე ოც ნომინირებულ მსახიობს შორის არცერთი ფერადკანიანი არ იყო, რამაც უდიდესი უკმაყოფილება, საყოველთაო აღშფოთება და მრავალი დისკუსია გამოიწვია, უკანასკნელი დაჯილდოება კი ქალი ნომინანტების სიმცირის გამო გააკრიტიკეს.

თუ ყველა პოტენციური კანდიდატი დათანხმდება ამერიკის კინოაკადემიის წევრად გახდომას, კინოაკადემიის წევრთა მთლიან რაოდენობაში ქალი წარმომადგენლების რიცხვი 25%-ის ნაცვლად 28% გახდება, ფერადკანიანების მაჩვენებელი კი 8%-დან 13%-მდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ კინოაკადემიის 6000-ზე მეტი წევრი ჯერ ოსკარის სანომინაციე კანდიდატებს აძლევს ფარულად ხმას, ნომინანტების გამოცხადების შემდეგ კი უშუალოდ ნომინანტებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენი ხმის მიცემის პროცედურა იწყება, რომელიც ოსკარების დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე სრულდება ხოლმე, გამარჯვებულთა ვინაობას კი ცერემონიაზე აცხადებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]