weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში IX-X საუკუნეების ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს

12:36 კვირა, 09 ივლისი 2017

ქალაქ თელავში არქეოლოგებმა IX-X საუკუნეებში დამზადებული ნივთების ნაშთები აღმოაჩინეს, რაც არქეოლოგ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის თქმით, შუა საუკუნეების ყველაზე ადრეული ქალაქის დამადასტურებელი ნაშთებია. თელავის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ X საუკუნეში ქალაქში კულტურა, ხელოსნობა და ვაჭრობა კარგად ყოფილა განვითარებული.

არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ ნივთებს შორისაა ქალაქისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა - კრამიტი, თონის ნარჩენები, კერამიკული ჭურჭელი - დოქები და საინები, რომლებიც ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებებით არის მოჭიქული. ასევე აღმოჩენილია მატყლის საჩეჩი და ძაფის დასართავი მოწყობილობის ფრაგმენტები, მინის სამაჯურები, სამელნეები და სპილოს ძვლისგან დამზადებული კალამი.  

დადასტურდა, რომ თელავი არის უძველესი ქალაქი, რომლის ანალოგი საქართველოში მხოლოდ თბილისი, რუსთავი და დმანისია. ქალაქის გალავნის მშენებლობა ქორეპისკოპოს კვირიკეს მიერ IX საუკუნიდან დაიწყო და X საუკუნეში ქალაქი უკვე კარგად ფუნქციონირებდა. განსაკუთრებით საყურადღებოა სამელნეებისა და სპილოს ძვლისგან დამზადებული კალმის აღმოჩენა, რადგან ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქში მწიგნობარი იყო. ძალიან ბევრი ერთნაირი ნივთის ნამტვრევის არსებობა კი იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქი სავაჭრო-საქარავნო გზაზე მდებარეობდა. გალავნის კედელზე აღმოჩნდა არაბული წარწერა „ჰაჯი ბენ სალიამ“, რაც ამ დროისთვის უცნობი პიროვნების სახელი და გვარია“, - უთხრა „რეგინფოს“ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა.

მისი ხელმძღვანელობით არქეოლოგიური ექსპედიცია ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ქალაქის ქვეშ მოყოლილ გვირაბს იკვლევს. ამ ეტაპზე აღმოჩენილია 25 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც რამდენიმე განშტოებად იყოფა. არქეოლოგის თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გალავნის კედლის სიმაღლე 8 მეტრია. კვლევები თელავის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„თელავში ასეთი კომპლექსური გათხრები ჯერ არ ჩატარებულა. ეს პირველი ნაბიჯია და წინ უზარმაზარი საქმეა გასაკეთებელი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ძველი ქალაქის საერთო სურათი აღვადგინოთ. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ მიწის ზედაპირიდან შევისწავლოთ რა ხდება ქვემოთ და სად რა იყო“, - ამბობს ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი.

მისი ინფორმაციით, ძველ ქალაქში აღმოჩენილი არტეფაქტები თელავის განახლებულ მუზეუმში, სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოიფინება.

ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება. თელავი „თელედას“ სახელით პირველად მოხსენიებულია II საუკუნში, ძველი ბერძენი გეოგრაფის პტოლემეს „გეოგრაფიაში“. ქართულ წყაროებში კი XI საუკუნიდან გვხვდება, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო - თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. XVII საუკუნის II ნახევარში, როდესაც კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა, თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. XVIII საუკუნეში, ერეკლე II-ის მეფობის ჟამს აშენდა „კახთ მეფეთა სასახლე“, მეფის კარის ეკლესიები, დაარსდა ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლა. ამ დროიდან შემორჩენილია მეფის აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის კარიბჭეები. 1801 წლს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ ქალაქი თელავის მაზრის ცენტრი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]