weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გელათის მონასტერი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დააბრუნეს

13:07 ორშაბათი, 10 ივლისი 2017
გელათის ღმრთისმშობლის შობის ტაძარი გელათის ღმრთისმშობლის შობის ტაძარი

გელათის სამონასტრო კომპლექსი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დააბრუნეს. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე მიიღეს, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 1-დან 12 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 7 ივლისს განაცხადა, რომ სესიაზე გელათის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხს განიხილავდნენ.

გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანოს ICOMOS-ის შეფასებით, ბაგრატის საკათედრო ტაძარმა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად  განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება დაკარგა.

„მიუხედავად ამისა, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გაითვალისწინა რა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა, 2013 წელს მიიღო უპრეცენდენტოდ კომპრომისული გადაწყვეტილება, რითაც სახელმწიფოს დაევალა ბაგრატისა და გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოკუმენტაციის მომზადება, რათა შექმნილიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში გელათის მონასტრის დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით დაბრუნების შესაძლებლობა. ამ ახალი გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფომ არ დაიშურა ძალისხმევა, რათა მოემზადებინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განმარტებით, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია.

გელათი ქალაქ ქუთაისში 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით დაარსდა. მონასტერი შემოსაზღვრულია გალავნით. გელათის მონასტერში დგას სამი ეკლესია: ღმრთისმშობლის შობის (1106 წ.), წმინდა გიორგისა (XIII ს.) და წმინდა ნიკოლოზის (XIII ს.) ეკლესიები. ეზოს დასავლეთ ნაწილში სამრეკლოსა და აკადემიის შენობებია. მონასტერი ასევე მოიცავს XVIII-XX საუკუნეების რამდენიმე სახლს. გალავანს ორი კარიბჭე აქვს - სამხრეთი კარიბჭე უძველესია. მასში დავით აღმაშენებელია დაკრძალული. ხის დიდ არქიტრავზე კი დემეტრე I-ის მიერ განჯის ციხიდან წამოღებული ნაალაფარი რკინის კარია ჩამოკიდებული. მონასტრის აღმოსავლეთი კარიბჭე, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, მე-18 საუკუნეშია გაჭრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]