weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ვისბადენის ფესტივალზე დაჯილდოვდა

17:33 ოთხშაბათი, 03 მაისი 2017

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა. რეჟისორთა დუეტს პრიზად 7500 ევრო გადაეცა. ქართულმა ფილმმა აღნიშნულ ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) პრიზიც დაიმსახურა.

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმი ძირითად საკონკურსო პროგრამაში იყო ჩაშვებული და წლის აღმოჩენად დასახელდა, ხოლო პრესტიჟულმა გამოცემამ The New York Times ექვთიმიშვილი-გროსის დუეტი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის შეიყვანა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყურონ. ფილმის ევროპული ჩვენება კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში - Forum გაიმართა.

24 აპრილს ჰონ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს საუკეთესო ნამუშევრისთვის განკუთვნილი  ჯილდო, „ცეცხლოვანი ფრინველი“ გადაეცა. აზიის უძველესი კინოფესტივალის რიგით 41-ე ცერემონიალის ჟიურის პრეზიდენტი გამოჩენილი პოლონელი რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი გახლდათ. ჟიურის ოფიციალური კომენტარით, „ჩემ ბედნიერ ოჯახს“ მთავარი ჯილდო გადაეცა „იმ სოციალური და ფსიქოლოგიური ცვლილებების მგრძნობიარე პორტრეტის შექმნისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს გენდერის როლებზე ტრადიციულ საზოგადოებაში.“

მანამდე ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ჯილდოც აიღეს.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია „ნეტფლიქსმა“ შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

ფილმში მოქმედება პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ ოჯახში ვითარდება, როდესაც 52 წლის დიასახლისი მანანა მშობლებისგან წასვლასა და მარტო ცხოვრებას გადაწყვეტს. მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე და ბერტა ხაფავა ასრულებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]