weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პეტრას ციხეზე უძველესი საბრძოლო იარაღები და 95 ვერცხლის მონეტა აღმოაჩინეს

16:08 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

ქობულეთის რაიონში, ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები – რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, კერამიკული ნაწარმი და 95 ვერცხლის მონეტა აღმოაჩინეს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად პეტრას ციხეზე აღმოჩენილია ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.

არქეოლოგები ვარაუდობენ, კოშკი, რომლის არქეოლოგიური შესწავლაც მოხდა, დაიწვა და დაინგრა ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლის დროს, როცა ბიზანტია და ირანი ეგრისისათვის ერთმანეთს ეცილებოდნენ.

არქეოლოგიურ გათხრებს პეტრას ციხეზე მეორე წელია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აფინანსებს. პროექტი, რომლის ღირებულება ორი მილიონი ლარია, ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში 400 ათასი ლარია გამოყოფილი.

ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები 1987 წლიდან მიმდინარეობს. 1989 წლიდან ფუნქციონირებს პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმში დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც მოიცავს პერიოდს ბრინჯაოს ხანიდან ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით: არქიტექტორული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, VIII-VI საუკუნეების სადგომელების მასალები, სამსხვეპრლოსა და IV-V საუკუნეების ნაგებობის (ე. წ. „ვილის“) ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური მასალა და სხვა. ნაკრძალის ტერიტორია დაახლოებით 7 ჰექტარს მოიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]