weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არტ-ვილა გარიყულას აღდგენა დაიწყო

20:20 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში XIX საუკუნეში აშენებული ბოლგარსკიანთ სასახლის, იგივე არტ-ვილა გარიყულას აღდგენა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის სიმბოლოს - კოშკის როტონდის გამაგრება, მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღდგენის შემდეგ როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება. გადმოცემით, როტონდაზე დამონტაჟებული იყო სანათური, რომელიც შუქურასავით ანათებდა და სოფლის თითქმის ყველა ნაწილიდან ჩანდა.

არტ-ვილა გარიყულა პოლონური წარმოშობის თბილისელმა ინჟინერმა ვასილ ბოლგარსკიმ 1885 წელს ააშენა. მის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და ახლა უკვე აღარარსებული თბილისის სამხედრო ტაძრის ინჟინერი. სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.

გასაბჭოების შემდეგ ბოლგარსკი „გააკულაკეს“, მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. XX საუკუნის 80-იან წლებში, ნახევრადდანგრეულ შენობაში ადგილობრივები თივას ინახავდნენ.

ბოლგარსკიანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. სამუშაოებში მოხალისეებად იყვნენ ჩართულები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრადდანგრეულმა ბოლგარსკიანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა - გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად.

შენობის აღდგენასთან დაკავშორებული ყველა სამუშაო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგით განხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია "თი ბი სი" ბანკი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]