weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტელეარხი HBO „სატახტოთა თამაშის“ ოთხ სპინ-ოფ სერიალს გამოუშვებს

14:22 პარასკევი, 05 მაისი 2017

ცნობილი ამერიკული ტელეარხი HBO პოპულარული ფანტასტიკური სერიალის „სატახტოთა თამაშის“ გაგრძელებას ოთხი ე.წ. სპინ-ოფით, ანუ მიმდინარე მთავარი ამბისგან განცალკევებული სხვადასხვა ისტორიებისგან შემდგარი სერიალებით გეგმავს. ტელეარხის ინფორმაციით, ოთხი სერიალის სიუჟეტები იგივე სამყაროში, ოღონდ ოთხ სხვა დროსა და ადგილებში განვითარდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია ახალი სერიალების გადაღების, ხანგრძლივობისა და გამოსვლის თარიღები, თუმცა ცნობილია იმ ოთხი სცენარისტის ვინაობა, რომლებიც ახალ ტელეისტორიებზე იმუშავებენ, ესენი არიან: ოსკაროსანი ბრაიან ჰელგელანდი, მაქს ბორენშტაინი, ჯეინ გოლდმენი და კარლი რეი. უკანასკნელი ორი ქალი სცენარისტი დრამატურგიისთვის ინდივიდუალურად იმუშავებენ ამერიკელ მწერალ ჯორჯ მარტინთან, რომლის ნაწარმოებების სერია „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მიხედვითაც ტელეარხი HBO „სატახტოთა თამაშს“ აწარმოებს.

რაც შეეხება „სატახტოთა თამაშის“ მიმდინარე შოურანერებს, სცენარისტებსა და აღმასრულებელ პროდიუსერებს - დევიდ ბენიოფსა და დენ ვაისს, ისინი სპინ-ოფ სერიალების შექმნაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, რაც HBO-ს ახალმა ხელმძღვანელმა კეისი ბლოისმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაადასტურა. ბლოისის ოქტომბერში გაკეთებული განცხადებით, ჯორჯ მარტინის მიერ გამოგონილ სამყარო ვესტეროსს უსაზღვრო პოტენციალი გააჩნია და მწერლის ნაწარმოებების მიხედვით იმდენი შესაძლებლობაა, რომ მთავარი ამოცანა სწორი მიმართულებისა და სცენარისტების არჩევა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მწერალმა ჯორჯ მარტინმა უფრო ადრე, გასული წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ თუკი HBO მოისურვებდა, მას „სატახტოთა თამაშის“ ირგვლივ მილიონობით სხვადასხვა განცალკევებული თუ წინამდებარე ისტორია ჰქონდა დაწერილი, რომლებიც „სატახტოთა თამაშის“ სპინ-ოფების სახით შეიძლებოდა სრულმეტრაჟიან ფილმებად გადაეღოთ.

შეგახსენებთ, რომ „სატახტოთა თამაშის“ ახალი, მე-7 სეზონი, რომელშიც წინა სეზონებისგან განსხვავებით, 10-ის ნაცვლად მხოლოდ 7 სერია იქნება, 7 ივლისიდან გამოვა. სულ კი სერიალი 8 სეზონით დასრულდება, რის შემდეგაც HBO აღნიშნულ სპინ-ოფ სერიების გამოშვებას დაიწყებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]