weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შიდა ქართლში 4 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

19:20 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში 4 ისტორიულ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა, მათ შორისაა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კალოუბანში მდებარე დავითაშვილების მარანი და ხოვლეს კოშკი.

მარანი დავითაშვილთა საგვარეულო ნაგებობაა. აშენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი და რიყის ქვით და აგურით. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, საწნახლის გვერდით პატარა სწორკუთხა ნიშაა, რომელშიც წყაროს სადინარია გაკეთებული, ასე წყალი საწნახელს მიეწოდებოდა. იქვე, პატარა ნავის ფსკერზე დატანებული სადინარით კი ზედმეტი წყალი გარეთ გადიოდა. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში, თაღებს შორის მცირე ზომის ასევე თაღოვანი ბუხარია, რომელსაც საკვამური კედელში აქვს ჩაშენებული. ჩრდილოეთ ნაწილში თაღოვანი შესასვლელია, რომელიც მუხის კარით იკეტება. ღიობის სამხრეთით ერთი სათოფურია, ხოლო მის ქვემოთ კარის დირის გასაყრელი ხვრელი. კედლის დანარჩენი ნაწილი, ცენტრალური ნაწილი დიდ თაღს უჭირავს, რომელიც ცალპირი ქვითაა ამოშენებული. საჭიროების შემთხვევაში ეს კედელი ინგრეოდა და აქედან ყურძენი შეჰქონდათ მარანში. შემდეგ ისევ ხდებოდა თაღის ამოშენება. მარანი გადახურულია ორ დედაბოძზე დაყრდნობილი ხის კონსტრუქციით. დედაბოძებიდან ერთი მარნის შუაშია აღმართული, მეორე, უფრო მცირე ზომის კი ზედ საწნახლის კედელზეა დადგმული. იატაკი მიწატკეპნილია და მასში სხვადასხვა ზომის ქვევრებია ჩაყრილი, რომლეთაც შუაში გახვრეტილი მრგვალი ქვები აქვს სახურავად.

მარანი თითქმის მიწაში ზის, სანამ მასზე სახლი აშენდებოდა, გადმოცემით მიწური გადახურვა ქონია. ასე მარანი მუდმივად ერთ ტემპერატურას ინარჩუნებდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მე-16-17 საუკუნეების კოშკი სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე დგას დათავდაცვით ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. კვადრატულია (7,3×7,3 მ), ზემოთ ოდნავ შევიწროვებული. ხუთსართულიანია. პირველი სართული ამოვსებულია ნაშალით. შესასვლელი მეორე სართულზე სამხრეთის კედელშია გაკეთებული. ადიოდნენ მისადგმელი ხის კიბით. სართულთშორისი გადახურვა ხის იყო. კედლებში შერჩენილია საკოჭეები. თითოეული სართულის კედლებში დატანებულია სარკმელ-სათოფურები. ისინი ოთხკუთხა ფორმისაა, გარეთ მხარეს რომელიმე კუთხით შევიწროვებული. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელსა და მოთხე სართულის დასავლეთ კედელში თაღოვანი ბუხრებია დატანებული. მეხუთე სართული სანახევროდ მონგრეულია, ამიტომ როგორ სრულდებოდა ძნელი სათქმელია.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა ავკვეთის წმინდა გიორგის ეკლესიას, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ავკვეთში. არის XI-XII საუკუნეების; ასევე, ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიას, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში. ეკლესია შუა საუკუნეებშია აშენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]