weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროკავშირმა შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები ევროპულ ბაზარზე დაუშვა

15:34 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

ევროკავშირმა საქართველო იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს დაამატა, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა. აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა გადაწყვეტილება და ევროპულ ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა დაუშვა.

„შავი ზღვის თევზს და თევზის პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის დიდი პოტენციალი გააჩნია. დღეისათვის, 30 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი საექსპორტო ბაზარი იყო ქართული თევზისთვის. დღეიდან ქართულ პროდუქტს შესაძლებლობა ექნება 500 მილიონიან, უფრო მაღალ მსყიდველობითუნარიან ევროპულ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სექტორში გაჩნდება მეტი შესაძლებლობები, რაც იქნება სტიმული საქართველოში თევზჭერის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანი მიღწევები უკვე არსებობს. ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით აუცილებლად გაიზრდება. დღეს განვაცხადეთ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც თევზის ექსპორტი შესაძლებელი გახდება ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოს ამ მიმართულებით კარგი პოტენციალი აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეხმარება ქართულ თევზს უფრო პოპულარული გახდეს სხვა ბაზარზეც. მომავალში ველით თანამშრომლობის გაგრძელებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობას სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას.

მესამე ქვეყნების ოფიციალურ სიაში საქართველოს შეყვანის მიზნით, ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი 2014 წელს წარადგინა. ამის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ასევე, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი თევზისა და თევზის პროდუქტების წარმოებების ადგილზე აუდიტის განსახორციელებლად, საქართველოში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE - Directorate General Health and Food Safety) სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO – Food and Veterinary office ) აუდიტორ-ინსპექტორები იმყოფებოდნენ.

შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წარმოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]