weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ბათუმში კუნძულის მშენებლობას იწყებენ, მთავრობამ ინვესტორს სრული მხარდაჭერა აღუთქვა

18:43 შაბათი, 03 სექტემბერი 2022
მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროექტი იწყება. ამის შესახებ განაცხადეს დღევანდელ პრეზენტაციაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენ დღეს ვიწყებთ, მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც უნიკალური და გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს მოიცავს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ, გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო, კომერციულ, საცხოვრებელ, ტურისტულ მიმართულებებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკის წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროექტს კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ განახორციელებს. კომპანიის წილის 82%-ის მესაკუთრე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში დაფუძნებული შპს Property Assets Investment-ია, წილის 18 %-ს კი შპს „ბათუმი აილენდ“ ფლობს, რომლის 100 %-იანი წილიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქობის მქონე ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის. „ამბასადორი ჯგუფის“ მესაკუთრე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ელგუჯა ქებურიას ოჯახია. სიტყვით გამოსვლის დროს, ღარიბაშვილმა ელგუჯა ქებურიას მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა და თქვა, რომ „ამბასადორ ჯგუფს“ საქართველოში მრავალი ათეული მილიონი დოლარი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე რომ, მადლობა ბატონო ინვესტორი, ბატონო ბუბა [ელგუჯა ქებურია].

ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე.

მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა ყველა პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი.

ზოგადად, მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი სრულად შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარელებისთვის.

კიდევ ერთხელ მუნდა, მადლობა გადავუხადო „ამბასადორ ჯუფს“, პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ყველას გვახარებს. მინდა, მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო. ჩვენ დღეს, ქვეყანაში გვჭირდება ასეთი პროექტების განხორციელება - დიდი, მასშტაბური პროექტების. კიდევ ერთხელ მადლობა. გისურვებთ წარმატებებს!“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის რომ კომპანიამ ასეთი მასშტაბური პროექტის დაწყება და განხორციელება გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დღეს საქართველოში უნიკალური პირობებია შექმნილი.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მთელი მსოფლიო დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რეცესიაა თითქმის ყველგან და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. დღეს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის, მეტ შემოსავალს, მეტ დოვლათს და კეთილდღეობას მოიტანს ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიამ „მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო“. ამის შესახებ დღემდე ცნობილი არ იყო.

„პროექტის რეალიზაციის პროცესში, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს სრულად ცვლის ბათუმს და აჭარის რეგიონს, თქვენ გექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა, ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დამფუძნებელმა, თორნიკე ქებურიამ [ელგუჯა ქებურიას შვილი] მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ხელოვნური კუნძულის პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შავ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და 65 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცა. 2021 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ინვესტორმა 48 თვის ვადაში უნდა მოიპოვოს გადაცემულ ტერიტორიაზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის პროექტის ნებართვები; 78 თვეში 12 ჰექტარ ტერიტორიაზე პირველი ნახევარკუნძულის მოწყობა უნდა დაასრულოს, 102 თვეში კი არანაკლებ 15 ჰექტარზე მეორე ნახევარკუნძული შექმნას; 132 თვის ვადაში, ინვესტორმა ასევე უნდა შექმნას არანაკლებ 5 ჰექტარი ფართობის კუნძული; ნახევარკუნძულებზე უნდა მოეწყოს არანაკლებ 500 ნომრიანი სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, ზღვისპირა ბულვარი, საზოგადოებრივი პლაჟები, აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტიციის რაოდენობა 100 მილიონი დოლარია.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიიღო და კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ უფლება მიეცა, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე სანაპირო ზოლში ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტი განახორციელოს, რაც ზღვაში 12.5 ჰექტარი ტერიტორიის ლოდებით ამოვსებას და დამცავი კედლის მოწყობას გულისხმობს. ნაპირსამაგრი სამუშაოები 14 თვეში უნდა დასრულდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]