weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ფშავში სათავგადასავლო პარკი შეიქმნება

16:01 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

ფშავში, სოფელ თვალივსა და წიფრანს შორის, პირველი სათავგადასავლო პარკი შეიქმნება. როგორც „რეგინფოს“ შპს „სათავგადასავლო პარკის“ დამფუძნებელმა ზურა ბურდულმა უთხრა, 5ათას კვმ ფართობზე ხეებზე თოკებით სხვადასხვა დაბრკოლებების 4 ტრასა მოეწყობა, ორი საბავშვო, ორი კი სრულწლოვნებისთვის.

პარკი სეზონურად აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე იმუშავებს. სათავგადასავლო პარკში შესვლა ბავშვებისთვის 20, უფროსებისთვის კი 30 ლარი ეღირება. პარკი მომხმარებლებს 2017 წლის ივნისის ბოლოდან მიიღებს.

„სათავგადასავლო პარკის მშენებლობისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ბავშვები პარკში 5-6 წლის ასაკიდან დაიშვებიან. პარკში უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული. იმუშავებენ ინსტრუქტორები, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ პარკში შესული მომხმარებელი რომელიმე დაბრკოლებას ვერ გადალახავს, სპეციალური დაზღვევის სისტემის მეშვეობით, ის თოკიდან არ ჩამოვარდება. მასთან ინსტრუქტორი მივა და თამაშის გაგრძელებაში ან მის დასრულებაში დაეხმარება. იმედი გვაქვს, გახსნის შემდეგ პარკი როგორც ტურისტების, ისე ადგილობრივების დიდ ინტერესს გამოიწვევს“,- აღნიშნა ზურა ბურდულმა.

შპს „სათავგადასავლო პარკმა“ იდეის განხორციელებისთვის „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში  ე. წ. სტარტაპ სესხი აიღო.

„წლების წინ დავაფუძნე კლუბი ჯომარდი, რომელსაც ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. სათავგადასავლო პარკის გახსნისთვის პირველ ეტაპზე, 100 ათასი დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. ტერიტორიაზე მომხმარებლები ველოსიპედებითა და ცხენებით სეირნობასაც შეძლებენ. ჩვენი მთავარი მიზანი ტურიზმის განვითარება და  გასართობი ადგილის შექმნაა, სადაც სკოლების მონაწილეობით შემეცნებითი ღონისძიებებიც გაიმართება“,- ამბობს ზურა ბურდული.

მისივე თქმით, მომავალში სათავგადასავლო პარკის ტერიტორიაზე ხის კოტეჯების ჩადგმასაც გეგმავს, სადაც სტუმრები ღამით დარჩენასაც შეძლებენ.

თვალივამდე მისასვლელი გზა ჩინთი–ჟინვალის მონაკვეთზე ძალიან არის დაზიანებული, თუმცა ბიუჯეტიდან თანხა უკვე გამოყოფილია. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე დასრულდეს.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]