ოქტომბერი 20, 2017
weather cur airplane horoscope tv

25 წლის გიორგი ბუკია ღვინის ჩაის საწარმოს გახსნას აპირებს

15:14 - 20 მაისი 2017 hits 393

25 წლის გიორგი ბუკია კახეთში ღვინის ჩაის საწარმოს გახსნას აპირებს. „ღვინის ჩაის“ პროექტმა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსება მოიპოვა.

როგორც გიორგიმ „რეგინფოს“ უთხრა, ღვინის ჩაის წარმოების იდეა ქართველ ფარმაცევტ ირაკლი ნატროშვილს ეკუთვნის, რომელიც საფერავის სასარგებლო თვისებებს 25 წლის წინ იკვლევდა და აღმოაჩინა, რომ გადამუშავების პროცესში მიღებულ პროდუქციას გააჩნია არანაკლები სასარგებლო თვისებები, ვიდრე ღვინოშია. ამის შესახებ, 2 წლის წინ, ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ნატროშვილის შვილმა მოუყვა, რომელიც უნივერსიტეტში მარკეტინგს ასწავლიდა.

„ღვინის ჩაის შესახებ გიორგი ნატროშვილმა მომიყვა, რომელიც უნივერსიტეტში მარკეტინგს მასწავლიდა. შემდეგ მე ამერიკაში წავედი სასწავლებლად, მაგრამ ღვინის ჩაის იდეა სულ თავში მიტრიალებდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იდეის ავტორს დავუკავშირდი, ბიზნეს-გეგმა დავწერეთ და პროექტი „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში წარვადგინეთ, სადაც გავიმარჯვეთ. პროდუქციის სერიულ წარმოებას ნოემბერში დავიწყებთ, როდესაც საწარმოს მოწყობა დასრულდება. ღვინის ჩაისთვის საჭირო ნედლეულს ღვინის კომპანიებისგან შევისყიდით. საწარმოსთვის საჭირო ტერიტორიის მოძიება ამ ეტაპზე ხდება, სავარაუდოდ, ის კახეთში განთავსდება. ღვინის ჩაი საწყის ეტაპზე ერთჯერადი პაკეტების სახით იქნება, შემდეგ კი დასაყენებელი სახითაც გამოვუშვებთ. ღვინის დამუშავება, რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მიღებული პროდუქციის დაფასოება ხდება პაკეტებში. მომზადების წესი კი ჩაის ანალოგიურია, ანუ 3-4 წუთის განმავლობაში საჭიროა მისი გაჩერება ადუღებულ წყალში და პროდუქტი მზად არის. ღვინის ჩაის მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ჩაიში ყველა ის სასარგებლო თვისებაა, რაც ღვინოშია. საფერავი უნიკალური ჯიშია, ანტიოქსიდანტურია, 20 სახის ამინომჟავას შეიცავს. კარგია სისხლძარღვებისთვის. არ შეიცავს ალკოჰოლს, ხელს უწყობს ნაბახუსევზე გამოსვლას“,- უთხრა „რეგინფოს“ გიორგი ბუკიამ.

მისივე თქმით, პროდუქტის რეალიზაცია პირველ ეტაპზე სასტუმროებში, კაფე-ბარებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებში მოხდება. ასევე, პროდუქციის ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ მუსლიმურ ქვეყნებთან.

„ვფიქრობ, რომ ეს პროდუქტი მუსლიმური ქვეყნების ბაზრისთვის იქნება საინტერესო, სადაც ალკოჰოლს არ სვამენ, მაგრამ უყვართ ღვინის არომატი. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ღვინის ჩაის რუსეთის და უკრაინის ბაზარზე გასატანად“,- აღნიშნა გიორგი ბუკიამ.

მისივე თქმით, ღვინის ჩაის დამზადების ტექნოლოგიის და ბრენდის დაპატენტებას გეგმავს, რის შემდეგაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის ჩაის მწარმოებელ ერთადერთ ქვეყნად იქნება დატანილი.  

 

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: tamaramodebadze@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com