weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კომერციული ბანკებიდან სესხის გაცემაზე შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება

10:25 ორშაბათი, 07 მაისი 2018

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში“ ცვლილებები შევიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილებებით 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი აანალიზებდა მოსახლეობის მოწყვლად სეგმენტში ჭარბვალიანობის დინამიკას და მუშაობდა აღნიშნული პრობლემის კომპლექსურად და სისტემურად გადაწყვეტის გზებზე. ეს საკითხი 2018 წლის მარტში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დეტალურად განიხილა. კერძოდ, ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება, და, რაც არანაკლებ საყურადღებოა, მზარდია იმ ფიზიკური პირების დაკრედიტება, რომელთაც შემოსავლებთან მიმართებაში ვალის მაღალი ტვირთი აქვთ. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებში ხდება საცალო დაკრედიტების ბიზნეს მოდელის ისეთი ცვლილება, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობს შემოსავლების წყაროს და ხდება რისკის მართვისათვის სხვა მახასიათებლებზე ყურადღების გამახვილება.

აღნიშნული ხშირად საშულებას იძლევა მაღალი რისკი აისახოს ფასში, თუმცა მაღალი ფასი არ იწვევს მოწყვლადი ჯგუფებიდან მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებას. აღნიშნული იწვევს მატერიალურ ხარვეზებს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის კუთხით. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის შემოსავლებისა და გადამხდელუნარიანობის სათანადო შესწავლა. ამასთან, ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მსესხებლების დიდ ნაწილს არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმის წყაროდან მიღებული შემოსავალი და ასეთი მსესხებლების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აქვთ მიმდინარე ვადაგადაცილება არსებულ ვალდებულებებზე. ვალაუვალ მსესხებელს კი, როგორც წესი, ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშზე და პოტენციური სამართლებრივი აღსრულების შიშით, უმცირდება ფორმალური დასაქმების მოტივაცია, რაც პრობლემას წარმოადგენს მთლიანად ეკონომიკისთვის. ამასთან, უარესდება მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური მდგომარეობა“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მათივე განცხადებით, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.

აღსანიშნავია, რომ დაწესებული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.

მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შეფასების მოთხოვნა ასევე განსაზღვრულია ევროკავშირში მოქმედი იმ დირექტივით (მომხმარებელთა საკრედიტო შეთანხმებების 2008/48/EC დირექტივა), რომელიც, ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ 2019 წლის სექტემბრამდე უნდა დანერგოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]