weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამი ფერმერი ქალის ბიო-მეურნეობა საფრთხეშია – თეა ქუთათელაძე

15:59 პარასკევი, 18 მაისი 2018

ფერმერი თეა ქუთათელაძე, რომელმაც სახელმწიფო დაფინანსებით, ორ ქალთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოს ბიო-პლანტაცია გააშენა, ამბობს, რომ მათ მეურნეობას საფრთხე ემუქრება. საუბარია რუსთავი-სადახლოს ავტომაგისტრალზე, რომელიც კენკრის პლანტაციაში გაჰყავთ.

ამხანაგობა „ქართული კენკრას“ წევრი თეა ქუთათელაძე აცხადებს, რომ თუ პლანტაციაში გზა გაივლის, ბიო-მეურნეობა ვეღარ იარსებებს.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ პირდაპირ ჩვენს პლანტაციაში გავიდოდა რუსთავი-სადახლოს გზა და ვერაფერს შევცვლიდით. მიგვანიშნეს, თუ ზედმეტად ვიაქტიურებდით, მიწას ისედაც ჩამოგვართმევდნენ, ვინაიდან ეს ნიშნავდა, რომ ვეწინააღმდეგებოდით სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობას. ჩვენი თხოვნა იყო, თუ გზას ვერ გადაწევდნენ, პლანტაციის გასაშენებლად სხვა ტერიტორია მოეცათ“, – ამბობს თეა ქუთათელაძე.

სამი ქალის ამხანაგობამ მარნეულში ბიო-პლანტაცია 2017 წელს 7 ჰექტარზე გააშენა, რისთვისაც პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში 53 305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამხანაგობის წევრები არ გაუფრთხილებია იმის შესახებ, რომ მეურნეობასთან ახლოს ავტომაგისტრალის მშენებლობა იგეგმებოდა. თეა ქუთათელაძე ვარაუდობს, რომ ამ საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„თუ სახელმწიფოს ამ გზის მშენებლობა უკვე თითქმის ერთი წელი ჰქონდა გადაწყვეტილი, რატომ არ იცოდა ეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რატომ დაგვაფინანსა, რატომ დაიხარჯა ხალხის ფული ტყუილად. გზის მშენებლობას უნდა გეგმავდენენ ადგილზე ჩასვლით და შესწავლით, ისე, რომ 10-მილიონიან სათბურს არ გადაუარონ“, – განაცხადა თეა ქუთათელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ქალების ნარატივი“.

ამხანაგობა „ქართული კენკრის“ წარმომადგენლები დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე თევდორაძეს შეხვდნენ: „გვითხრა, რომ ერთი კვირის ვადაში გვექნება მათთან შეხვედრა, სადაც უფრო მეტად იქნებიან ჩამოყალიბებული, რისი შემოთავაზება შეუძლიათ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა გზის მინიმუმ 2-3 კმ.-ით გადაწევაა, რათა შევძლოთ ფუნქციონირება, როგორც ბიო-მეურნეებმა. ეს თუ ვერ ხერხდება, მოხდეს ადგილმონაცვლეობა, რომელიც, რასაკვირველია, უდიდეს სტრესთან და ზღვა სამუშაოსთან იქნება დაკავშირებული“, – აღნიშნავს ფერმერი.

თეა ქუთათელაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობას პლანტაციის თავიდან გაშენება მოუწევს, სახელმწიფომ მათ მინიმუმ ერთი წლის ზარალი უნდა აუნაზღაუროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]