weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რომელი ღვინოები გახდა ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული

12:19 კვირა, 11 ივნისი 2017

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpoGeorgia 2017-ის ფარგლებში, 9-10 ივნისს ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი - 9th International Wine Award2017- გაიმართა. კონკურსზე როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში 43 კომპანიის, 164 სხვადასხვა სახის ღვინო იყო წარდგენილი.

10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე 6 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინეს და  ოქროს (26 მედალი), ვერცხლის (36), ბრინჯაოს (84) მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადასცეს. წლის საუკეთესო  ღვინოებად ღვინის კომპანია შუმის „საფერავი გეორგიკა 2013“ (წითელი მშრალი) და კომპანია ქვევრის ღვინის მარანის „ქვევრის მწვანე 2016“ (ქვევრის თეთრი მშრალი) აღიარეს.

გამარჯვებულები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასეთი კონკურსები და გამოფენები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.

„ნამდვილად შთამბეჭდავია წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა და გამარჯვებულთა რიცხვი. ეს მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში დარგი სულ უფრო სწრაფად ვითარდება, იქმნება ახალი ღვინის კომპანიები, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე  საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

წელს პირველად, საუკეთესო ღვინოებს სპეციალური პრიზი ე.წ „ტროფი“ (TROPHY) და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული სახელობითი მედლები გადაეცათ:

საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი – მწვანე (2015) - კომპანია ბატონო;

საუკეთესო წითელი მშრალიღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი; საფერავი გეორგიკა (2013) - ღვინის კომპანია „შუმი“;

საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილიღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი – ტოლიბაში (2016) - კომპანია Wine Products of Spirits;

საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი – ქვევრის მწვანე (2016) - კომპანია ქვევრის ღვინის მარანი;

საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი, საფერავი (2015) - კომპანია ბატონო;

კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი - კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ოსტატი სომელიე  - ისა ბალი (Isa Bal MS – თურქეთი), ღვინის ექსპერტი - სარა ებოტი (Sarah Ebot - დიდი ბრიტანეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (საქართველო) და ენოლოგი - გოგი დაქიშვილი (საქართველო).

როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ტიმ ატკინმა აღნიშნა, ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი უსაზღვრო და ამოუწურავია. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ახალი კომპანიების რიცხვი, რაც მისასალმებელია და იმის დასტურია, რომ დარგი სწრაფად ვითარდება.

წელს გამოფენაში 11 ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]