weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„მწვანე ალტერნატივა“ მთის გზების პროექტის სტრატეგიულ შეფასებას ითხოვს

13:36 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018
ფოტოზე ირაკლი მაჭარაშვილი ფოტოზე ირაკლი მაჭარაშვილი ფოტო © ბათუმელები

„მწვანე ალტერნატივამ“ განცხადებით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება გაუკეთდეს „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტს“ და მისი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოების ფართო მონაწილეობა ორჰუსის კონვენციის შესაბამისად.

„მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ჯუთა-როშკას საავტომობილო გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში შესრულებულია ძალიან დაბალ დონეზე, არ ეფუძნება არანაირ კვლევას და გადაწერილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შესრულებული გზშ-ს ანგარიშებიდან. დაახლოებით 5 მილიონიანი ტენდერის პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები კი შესრულებული არ არის.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების შესაძლო არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტზე გამოძიების დაწყებასაც ითხოვს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზის დაპროექტებაზე განმეორებითი ტენდერი 2016 წლის 13 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა. დეპარტამენტმა ჰოლანდიური კომპანიის „Antea Nederland B.V.“-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკუნკურსო მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და დისკვალიფიკაცია მისცა, 16 ნოემბერს ჩატარებულ სხდომაზე კი საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად ხორვატიული კომპანიის ქართული ფილიალი გამოაცხადა „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, რომლის შეთავაზებულმა თანხამ 4 986 600 ლარი შეადგინა. კომპანიის ქართული ფილიალი საქართველოში 2016 წლის 26 სექტემბერს არის დარეგისტრირებული.

2017 წლის ბოლოს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების პროექტი დაანაწევრეს და საჯარო განხილვებისთვის გზის ოთხი მონაკვეთის (კარკუჩა-ჯუთას, ჯუთა-როშკას, როშკა-ღელისვაკის და ძიბახევი-ხადორის) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები წარმოადგინეს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები იმდენად უხარისხო აღმოჩნდა, რომ მხოლოდ როშკა-ღელისვაკის მონაკვეთზე გარემოს დაცვის სამინისტრომაც კი 26 შენიშვნა მოამზადა და გზების დეპარტამენტს დოკუმენტი უკან დაუბრუნა. სამინისტრო მიუთითებს გზშ-ს ანგარიშში ყალბი მონაცემების გამოყენებაზე, ასევე იმის შესახებ, რომ საინჟინრო - გეოლოგიური კვლევები ვერცერთ საფეხურს ვერ აკმაყოფილებს. ამასთან, სამინისტროს განცხადებით, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საპროექტო გზის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და მონაკვეთებად წარმოდგენა, ვერ იძლევა მთლიანი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაძლებლობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]