weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა პროტესტის შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს

12:00 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018
ფოტო არქივიდან - სვანეთში გამართული აქცია ფოტო არქივიდან - სვანეთში გამართული აქცია

სვანეთში, მესტიაჭალა ჰესების მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ, სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის წევრი ახალგაზრდები იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც მთავრობას მესტიაჭალა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის შეწყვეტას დაპირდნენ.

„8 მაისს შედგა გაფართოებული შეხვედრა სახელმწიფოსა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის.

მოგეხსენებათ, ხალხის დაგვიანებული რეაქციის მიუხედავად, მიმდინარეობდა აქტიური საპროტესტო აქციები. ამ აქციების მიზანი იყო, მიგვეღწია მესტიაჭალა ჰესის მშენებლობის შეჩერებისთვის ან შეგვეჩერებინა ის ხელაღებით დაგეგმილი 54 ჰესის მშენებლობა.

სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის ძალისხმევით, რაც არ იყო ადვილი, დაიდო მნიშვნელოვანი შედეგი.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ არცერთი პროექტი და ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და ხალხის თანხმობის გარეშე არ აშენდება.

კონკრეტულად მესტიაჭალა ჰესის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით ჩართული იქნებიან ხალხის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტები, რომელთა არგუმენტირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული.

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შეიტანოს გარკვეული ოდენობის თანხა. ჩვენ მოვითხოვეთ, შეიქმნას ზემო სვანეთის განვითარების ფონდი, სადაც კომპანია დამატებით, ყოველწლიურად შეიტანს სოლიდურ თანხას, რომლის ხარჯვის მიზნობრიობას ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს.

მათ საყურადღებოდ, ვინც შემდგარ შეხვედრაში მონაწილეებს, რბილად რომ ვთქვათ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, შევახსენებთ, რომ მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესრულებული იყო სამუშაოების 60%-ზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას პროტესტის განცდა არ ჰქონია და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ამ შეხვედრაში მონაწილე პირების ძალისხმევა და მათ მიერ ხალხის გამოღვიძება. სამწუხაროა, როდესაც პიროვნებები ავრცელებენ სიცრუეს, თითქოს ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ ამ შეხვედრის შესახებ. გაუგებარია რა მიზანს ემსახურება მათი ქმედება. ეს ნაბიჯი იყო ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ ჩვენი აზრით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ თავი არ დაგვიზოგია და გავაკეთეთ ის, რაც შევძელით. თუ ვინმე თვლის, რომ ამაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

9 მაისს, სვანეთში „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ ჰესების მშენებლობა ათობით სპეცრაზმელის თანხლებით განახლდა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, მესტიაში ჰესების მშენებლობის გაგრძელების გადაწყვეტილება შსს-ში 8 მაისს გამართულ შეხვედრაზე, სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღეს. აქტივისტების ნაწილმა, ვინც სვანეთში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, შსს-ში შეხვედრის გამართვის შესახებ არაფერი იცოდა. ისინი სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის წევრთა მონაწილეობით მთავრობასთან შემდგარ მოლაპარაკებას არ ეთანხმებიან და 12 მაისს, ბრიფინგის გამართვას გეგმავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]