weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გადამეტებული ხმაურის გამო 15 აგვისტოდან ჯარიმები ამოქმედდება

13:28 პარასკევი, 14 ივლისი 2017

დღის და ღამის საათებში გადამეტებული ხმაურისათვის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ჯარიმები დაწესდა. პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები 2017 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ასევე საზოგადოებრივი ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გაფრთხილებას გამოიწვევს, 1 წლის მანძილზე მეორედ ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

თუ იგივე ქმედება მესამედ ან მეტჯერ იქნა ჩადენილი, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 300 ლარამდე, იურიდიული პირისთვის კი 1000 ლარამდე გაიზრდება.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები, რომლის გადამეტებაც იკრძალება, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა დაამტკიცოს.

ამასთან, ეს აკრძალვები არ გავრცელდება ტრანსპორტით (მათ შორის, ავტომანქანებით) გამოწვეულ ხმაურზე, ასევე მასობრივ შეკრებებსა და მანიფესტაციებზე,  დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე.

ღამის საათებში, ანუ 8:00 საათიდან 23:00 საათამდე, იკრძალება პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება. ამ წესის დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ შემთხვევაში 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი - 500 ლარით. 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების მეორედ ან ყოველი მომდევნო ჩადენის გამო ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება.

პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება არ დაისჯება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში - 31 დეკემბრის 21.00 საათიდან 2 იანვრის 23.00 საათამდე, 13 იანვრის 21.00 საათიდან 14 იანვრის 23.00 საათამდე; ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეებში - 9 აპრილს და 26 მაისს.

აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენას და სახდელის დადებას 2018 წლის 1 აპრილამდე მოახდენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები, ხოლო 2018 წლის 1 აპრილიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ან მათგან უფლებამოსილი იურიდიული და ფიზიკური პირები.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]