weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

TDI დმანისში არაქართველი მოსწავლეების სავარაუდო დისკრიმინაციას იკვლევს

16:17 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ქალაქ დმანისის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორის მიერ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების სავარაუდო დისკრიმინაციას იკვლევს. ორგანიზაციის განცხადებით, მათ სკოლის რამდენიმე მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი გამოკითხეს, რომლებიც ადასტურებენ, რომ დირექტორი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების მიმართ ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებს და სკოლაში ძალადობის ფაქტებზე სათანადოდ არ რეაგირებს.

დმანისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ინფორმაციით, ქართულენოვან, პირველ საჯარო სკოლაში სულ 225 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის, 5 - ეთნიკურად სომეხი, 1 - ბერძენი, 51- აზერბაიჯანელი.

TDI-ის ინფორმაციით, მათი იურისტი ქალაქ დმანისში 10-11 ივლისს იმყოფებოდა და პირველი საჯარო სკოლის ხუთი მასწავლებელი, სამი მშობელი და ორი მოსწავლე გამოკითხა.

გამოკითხული მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახსნა-განმარტებებში დირექტორის ქსენოფობიურ განწყობებზე და არაქართველი მოსწავლეების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკაზე საუბრობენ.

„დირექტორი ძალიან ხშირად განსაკუთრებული, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ზიზღით მიმართავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც სკოლაში მოდიან რომ შეისწავლონ ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, ხშირად ბავშვებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით „გაეთრიეთ თქვე თათრებო“, „შე ნაგავო სომეხო“ და ა. შ.“, - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.

როგორც სკოლის მასწავლებლებმა TDI-ის განუცხადეს, დირექტორი პირველი კლასის ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების მისაღებად თვითნებური გამოცდების ჩატარებას გეგმავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მათ, თუ ქართული ენა განსაზღვრულ დონეზე ეცოდინებათ. მასწავლებლების თქმით, დირექტორი მაქსიმალურად ცდილობს, სკოლაში ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები აღარ სწავლობდნენ.

ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის მშობელი TDI-თან საუბარში მათი შვილების მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ა.ა.-ს თქმით, მთელი წლის განმავლობაში, მისი ორივე შვილი ხშირად სკოლიდან სხვა მოსწავლეების მიერ ნაცემი ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თითოეული ფაქტის შესახებ დირექტორს აწვდიდნენ ინფორმაციას, სიტუაცია უცვლელი რჩებოდა, რადგან, როგორც ერთ-ერთი მშობელი ახსნა-განმარტებაში უთითებს, დირექტორი ჩხუბის პროვოცირებაში, მუდმივად, მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ადანაშაულებდა.

მიმდინარე წლის მარტში ა.ა.-ს შვილი, რომელიც ამ სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა, სკოლიდან სხეულის გარეგანი დაზიანებებით დაბრუნდა. მშობლის აღწერით, მას თავის არეში აღენიშნებოდა ჩალურჯებები და მაჯაზე სისხლჩაქცევა. როგორც მოგვიანებით მოსწავლემ მშობელს აუხსნა, უფროსკლასელმა ქართველმა მოსწავლემ მას ხელები გადაუგრიხა და სახეში თავი დაარტყა. მშობლის თქმით, აუცილებელი გახდა ნაცემი მოსწავლისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. მშობლებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

მეორე დღეს, მოსწავლე და მისი ერთ-ერთი მშობელი დირექტორთან გამოცხადდნენ, რათა ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია მიეწოდებინათ. როგორც მშობელმა TDI-ის განუმარტა, დირექტორი მათ აგრესიულად შეხვდა და მოსწავლის სკოლიდან გადაყვანა მოითხოვა. მშობლის თქმით, დირექტორმა განაცხადა, რომ „საერთოდ არ სჭირდებოდა თათარი, სომეხი და რუსი მოსწავლეები საკუთარ სკოლაში და თუ მშობლებს სიტუაცია არ მოსწონდათ შეეძლოთ ბავშვი სკოლიდან გადაიყვანათ“. ა. ა-მ დააკონკრეტა, რომ ეს არ იყო სკოლიდან მოსწავლის გადაყვანის მოთხოვნის პირველი შემთხვევა. ადრე დირექტორმა ა. ა.-ს შვილები სიზარმაცეში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მოუწოდა, რომ ბავშვები მაინც არ სწავლობდნენ და ჯობდა, ისინი სკოლიდან გაეყვანა. 

ა.ა.-ს უმცროსი შვილის, ნ.მ.-ს თქმით, დირექტორი საკმაოდ ხშირად იყენებს ტერმინს „თათარი“, უშუალოდ მოსწავლეებთანაც. მოსწავლე TDI-სთან განმარტავს, რომ დირექტორი ხშირად შედის მათ საკლასო ოთახში და მთელი კლასის თანდასწრებით აცხადებს, რომ „თათრები მოსულან“, ან/და „თათრები წასულან“.

გამოკითხული მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ დირექტორი ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული აგრესიით და ქსენოფობიური განწყობით გამოირჩევა. მაგალითად, 2016 წელს, მან ერთ-ერთ სომეხ მოსწავლეს „დამპალი სომეხი“ უწოდა. მოსწავლის მშობლებმა ფაქტის თაობაზე, ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ოფიციალურად განცხადებით მიმართეს, თუმცა, მოგვიანებით, თავად დირექტორის დაჟინებული მოთხოვნით, უარი თქვეს ადმინისტრაციულ წარმოებაზე და წერილი უკან გამოიტანეს. 

სკოლაში დირექტორის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პროფესიული ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევას TDI შეისწავლის. ორგანიზაცია უახლოეს დღეებში განათლებისა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ეფექტიანი რეაგირების მოთხოვნით მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]