weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

12:55 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ცნო დამნაშავედ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2 თებერვალს, მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეკანოზი სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების - ციანიდის მოპოვებას ცდილობდა. პროკურატურის თავდაპირველი განცხადებით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში იყო ბრალდებული. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდა.

დეკანოზი მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 15 წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა და სისხლის სამართლის კოდექსის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბოლოოდ, სასამართლომ ბრალი მკვლელობის მომზადებად გადააკვალიფიცირა ანგარების გარეშე, შურისძიების მოტივით. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო. ადვოკატები განაჩენის მიღების შემდეგ მის გასაჩივრებას აპირებენ.

სასამართლო პროცესებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესწრებოდა, რომელიც დღეს, 15:00 საათზე ე.წ. ციანიდის საქმეზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]