weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სკოლის თანამშრომელთა 12.7% წამორტყმას, 13.9% კი ყურის აწევას ბავშვზე ძალადობად არ მიიჩნევს

17:46 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

„სკოლებში ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა. უფროსების და თანატოლების მხრიდან ხშირია ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონი შეამოწმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან. ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსების განსაკუთრებით, მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირების და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.

სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა.

მოსწავლეთა 13.2 % და სკოლის თანამშრომელთა 4 % ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37 % და სკოლის თანამშრომელთა 12.7 % ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5 % და სკოლის თანამშრომელთა 13.9 %.

მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ.

ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დააფიქსირა მოსწავლეთა - 20.30 %, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან - 47.10 %, დამრიგებლის მხრიდან 61.50 %, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან - 78.80%. სკოლის თანამშრომელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლის თანამშრომელთა შორის დაბალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმის ცოდნა. საქართველოს მთავრობის დადგენილება, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, როგორც აღნიშნულ  შემთხვევებზე რეაგირების სამოქმედო მექანიზმი, რესპონდენტთა მხოლოდ 2.8 %-მა დაასახელა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]