weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოხეს კომისიის გადაწყვეტილებით „სადავო შენობა“ ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაეცა

18:27 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017
მოხეს კომისიის გადაწყვეტილებით „სადავო შენობა“ ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაეცა ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მეჩეთის მშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი; ე.წ. „მოხეს შენობა“ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, როგორც „სადავო ნაგებობა“ და ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავა“, – ასეთია ე.წ. „მოხეს კომისიის“ გადაწყვეტილება, რომელიც 11 მაისს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, კომისიამ სთხოვა ადგილობრივ ხელისუფლებას, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმაროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სოფელ მოხეში მეჩეთის მშენებლობის საქმეში. ამით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელმა კომისიამ“  (მოხეს კომისია) მუშაობა დაასრულა და გაუქმდა.

კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, მუსლიმთა სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ოთარ ნადირაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის  ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და მისი მოადგილე დავით ლომიტაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემი წლების მანძილზე ითხოვს ამავე სოფელში მდებარე სადავო ნაგებობის მათთვის გადაცემას. აღნიშნული შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. 2014 წლის მაისში ადგილობრივმა მუსლიმებმა ადიგენის გამგეობას შენობის მუსლიმთა სამუფთოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართეს.

2014 წლის სექტემბერში ადიგენის გამგეობამ სოფელ მოხის კლუბის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ 2014 წლის 18 ოქტომბერს სარემონტო სამუშაოები დაიწყო. 22 ოქტომბერს კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას მუსლიმი მრევლის პროტესტი მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც აქციის მონაწილე 14 მუსლიმი პირი დააკავეს. დაკავებულ პირებს აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები.

შემთხვევის ადგილზე მყოფი მუსლიმების თქმით, სამართალდამცავები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და „თათრებს“ უწოდებდნენ. მათივე თქმით, რამდენიმე დაკავებულს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც დაკავების პროცესში, ისე ადიგენის პოლიციის განყოფილებაში.

2014 წლის 2 დეკემბერს შეიქმნა ე.წ. „მოხეს კომისია“ რომელსაც ნაგებობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა. საქართველოს სახალხო დამცველი და რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები კომისიას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ორი წლის განმავლობაში კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.

2016 წლის ოქტომბერში მოხეში მუსლიმებმა ლოცვა სადავო შენობაში დაიწყეს. მალევე პოლიციამ შენობაში შესასვლელი გადაკეტა, რის შემდეგაც მუსლიმები პროტესტის ნიშნად, ყოველ პარასკევს „სადავო შენობის“ წინ ლოცულობენ. ადგილობრივი მუსლიმები ე.წ. „მოხეს კომისიის“ არსებულ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]