weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

EMC სპეციალური საპოლიციო კონტროლის შესახებ ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს

22:49 შაბათი, 23 დეკემბერი 2017

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შს მინისტრის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო რეიდი მიმდინარეობს, სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საპოლიციო კონტროლის აბსტრაქტული საფუძვლებით ჩატარება წარმოადგენს არაპროპორციულ და არათანაზომიერ ჩარევას მოქალაქეთა უფლებებში.

შს მინისტრის 21 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, 22 დეკემბრის 18:00 საათიდან 24 დეკემბრის 06:00 საათამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი, იგივე რეიდი.

„ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მითითებულია მხოლოდ ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები. აბსტრაქტული საფუძვლებით, დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნით, 36 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება, რა დროსაც ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი შეიძლება დაექვემდებაროს პოლიციის მხრიდან შემოწმებას, წარმოადგენს არაპროპორციულ და არათანაზომიერ ჩარევას მოქალაქეთა უფლებებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ ფაქტობრივად პოლიცია ერთდროულად ატარებს საგამოძიებო და პრევენციულ ღონისძიებებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ამ მასშტაბის ღონისძიებები - პირების დაკავება, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა და უკანონო ნივთების ამოღება.

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საპოლიციო კონტროლი, ისევე როგორც შეჩერება და ზედაპირული შემოწმება, არის პრევენციული ღონისძება და მათი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს დანაშაულის გამოძიების მიზნით. პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების დროს მოქალაქეები დაცვის ნაკლები გარანტიებით სარგებლობენ და ეს ღონისძიებები საპროკურორო და სასამართლო კონტროლის გარეშე მიმდინარეობს. ამდენად, თუკი შინაგან საქმეთა სმაინისტროს აქვს ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის შესახებ, მან უნდა დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები შესაბამისი პროცედურების დაცვით. საპოლიციო კონტროლი კი არ არის საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ამ მასშტაბის საპოლიციო მოქმედებების დროს, მნიშვნელოვანია მოქალაქეები იცნობდნენ საკუთარ უფლებებს, პოლიციის ვალდებულებებს და შეძლონ უფლებების დაცვა სამართალდამცავების შესაძლო თვითნებობის შემთხვევაში.

სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ:

  • ღონისძიების დაწყებამდე, პოლიციელი ვალდებულია მოქალაქეს წარუდგინოს თავი, აგრეთვე მისი სამუშაო ადგილი;
  • რეიდის განხორციელებისას სავალდებულოა, პოლიციელი აღჭურვილი იყოს სამხრე ვიდეო-კამერით, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს მოქალაქესთან კონტაქტის დროს;
  • რეიდის ფარგლებში, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მის ტანისამოსზე მხოლოდ გარედან შეხების გზით პირის შემოწმებას. ზედაპირული შემოწმების დროს პოლიციას არ აქვს უფლება, პირს ჯიბესი ჩაუყოს ხელი, გახადოს ტანსაცმელი, ან თავად მოქალაქეს სთხოვოს ამის გაკეთება;
  • ზედაპირულ შემოწმებას ატარებს იგივე სქესის პოლიციელი;
  • თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში დაირღვა მისი უფლებები, ან სამართალდამცავმა დაარღვია ეთიკის წესები, მას შეუძლია მიმართოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ნომერზე 126.

სპეციალური საპოლიციო კონტროლი (რეიდი) როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საპოლიციო ღონისძიება, EMC-ის გასაჩივრებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. 21 დეკემბერს მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებას EMC ასევე გაასაჩივრებს საერთო სასამართლოებში. ამასთან, ორგანიზაცია გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს, რომლებსაც მიაჩნით, რომ მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების დროს მათი უფლებები დაირღვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]