weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კისისხევში მოსახლეობამ თელავი-თბილისის გზა გადაკეტა

21:34 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ადგილობრივ მოსახლეობას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში თელავი-გურჯაანი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტილი ჰქონდა. აქციის 200-ზე მეტმა მონაწილემ თანასოფლელების დაპატიმრება გააპროტესტა.

ახალგაზრდები, გოჩა ჭლიკაძე, გიორგი ჭლიკაძე, გიორგი იოსებაშვილი და რევაზ გრძელიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2015 წლის 6 მაისს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით, 7-7 ათასი ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული. ახალგაზრდები წარდგენილ ბრალს არ აღიარებდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ოთხივე მათგანი დღეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, ახალგაზრდებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ერთ-ერთ ახალგაზრდას სამართალდამცავებთან შეკამათება მოუხდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მას მანქანაში ჩაჯდომა და ნარკოტესტის ჩატარების მიზნით განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს. „მერამდენედ უნდა წამიყვანოთო და ამაზე მოუვიდა ერთ-ერთ ახალგაზრდას შეკამათება. წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. რამდენიმე თვითმხილველი ამ ახალგაზრდას გამოესარჩლა. იქ მყოფმა პოლიციელებმა გამოიძახეს სხვა პოლიციელები და ეს ახალგაზრდები ცემეს. პროკურატურას არ დაუკითხავს თვითმხილველები. ამ ახალგაზრდებს დაზიანებები ჰქონდათ, არც ამაზე დაუწყიათ გამოძიება. ადვოკატი გვარწმუნებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ დღეს 4 წელი მიუსაჯეს ოთხივეს“, - უთხრა „რეგინფოს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო არჯევნიშვილმა.

საქმის მასალების მიხედვით, ნაცემია 2 პოლიციელი, წინააღმდეგობას კი სამართალდამცავებს ოთხივე ახალგაზრდა უწევდა.

დაკავებულების ადვოკატის ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, პროკურატურა ოთხივე მათგანს საპროცესო გარიგებას სთავაზობდა, აქედან სამ ბრალდებულს 3 წლით პირობით მსჯავრს და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას, მეოთხეს - გოჩა ჭლიკაძეს კი, რომელიც წარსულში თანასოფლელის ცემისთვის არის ნასამართლევი, სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. ადვოკატის თქმით, ბრალდებულებმა დანაშაული არ აღიარეს და საპროცესო გარიგება ვერ შედგა.

დღეს აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები ძალოვანი უწყებების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე წაიყვანეს. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით კისისხევის მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას უახლოეს დღეებშიც აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]