weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

18:09 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ახალაიას მოადგილის, ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართაც და მას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოხელის მიერ ჯგუფურად ჩადენილი წამების ორგანიზებისა (ორი ეპიზოდი) და წამებისთვის (ერთი ეპიზოდი) დაკავებულის მიმართ, ხოლო წამების ბრალდებით წარდგენილ ერთ ეპიზოდში კი გამართლდა.

„ბრალდებული ახალაია ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალური ხასიათის, ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

სასამართლომ, ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე დამნაშავედ იქნენ ცნობილნი სამსახურებრივი სიყალბისათვის, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, ასევე მათ მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარებისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, უშუალოდ ბაჩანა ახალაიას ორგანიზებითა და მონაწილეობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ჩადენილი ცემის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები. 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ასევე დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, ბაჩანა ახალაიას 9 წლით, ხოლო ნიკოლოზ ძიმცეიშვილს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, შესაბამისად 3 წლის და 1 წლის ვადით“, - ნათქვანია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს სხდომას, რომელიც დღეს გაიმართა, ბაჩო ახალაია არ ესწრებოდა. ის განაჩენს სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად; მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ასრულებენ ასეთ ბინძურ დავალებებს“, - წერს ბაჩო ახალია.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ძალადობა. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი იყო, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობა ეღიარებინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]