weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოჯახში ძალადობა ორ წლამდე პატიმრობით დაისჯება – კანონპროექტი

15:35 პარასკევი, 25 მაისი 2018

საქართველოს მთავრობამ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.

კერძოდ, შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება.

გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება.

ასევე, მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126-ე მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა - 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა.

კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის მიზნად ისახავს ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდას.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]