weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მემანქანეების გაფიცვის გამო თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც არ მუშაობს

09:19 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც არ გაიხსნა. თბილისის მერ კახა კალაძესა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მემანქანეების თქმით, თბილისის მერია ხელფასების გაზრდაზე მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, რაც მათთვის მიუღებელია.

მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები მუშაობის განახლებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„კონკრეტულ შემოთავაზებაზე საუბარი არ იყო. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ 2019 წლის ბიუჯეტში რაღაცეებს გადახედავდნენ, მაგრამ არანაირი გარანტია არ მოუციათ. ორი-სამი თვეა ასეთ რეჟიმში ვართ და ამდენ წვალებას წყალში ვერ ჩავყრით სიტყვიერი დაპირების გამო იმიტომ, რომ მწარე გამოცდილება გვაქვს“, - ამბობს მემანქანე კახაბერ გაგუა.

გაფიცული მემანქანეები ამბობენ, რომ მათი საათობრივი ანაზღაურება 6.92 ლარია და ითხოვენ, რომ ეს თანხა 10 ლარამდე გაიზარდოს. მათთან შეხვედრის შემდეგ თბილისის მერმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს ხანებში მოხდება პოზიციების შეჯერება და მეტრო გაიხსნება.

4 ივნისს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მემანქანეთა ხელფასები დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს და გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების ხელფასები. თბილისის მერმა გაფიცვა შეაფასა როგორც შანტაჟი და უკანონო ქმედება. მისი თქმით, მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას, რასაც არ დაუშვებს. მემანქანეების თქმით, თბილისის მერიას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს, რადგან თვეში 1200 ლარამდე ანაზღაურებას იღებენ.

„მემანქანის სამუშაო საათის ანაზღაურება შეადგენს ხელზე ასაღებ 6 ლარსა და 92 თეთრს. რადგანაც მემანქანის სამუშაო დრო 150 საათია, ვიღებთ 1038 ლარს. აქვეა დანამატები მავნე პირობებისა და ღამის სამუშაო საათების გამო, რაც 80 ლარია. დანამატების ჩათვლით ჯამში ეს ყველაფერი 1150 ლარამდეა“, - განმარტავენ მემანქანეები, რომლებიც ასევე უარყოფენ კახა კალაძის განცხადებას, რომ მემანქანეებმა ხელფასის მომატება მგზავრობის საფასურის გაზრდის ხარჯზე ითხოვეს.

მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მეტრო 4 ივნისს, დილიდან გაჩერდა. მეტროს თანამშრომელთა პროფესიული გაერთიანება „ერთობა 2013“-ის წევრები გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები.

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას 3 მაისიდან გეგმავდნენ, თუმცა სასამართლომ მათ ამის უფლება არ მისცა და გაფიცვა ერთი თვით გადაავადა. მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო საათებში მემანქანეთა გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]