weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული - არჩილ ტატუნაშვილის მამა

10:29 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

„ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული“, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შესახებ გუშინ გამოქვეყნებული დასკვნა არასრულია.

„ექსპერტიზის დასკვნა არასრულია. მასში ცხვირის დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი. ჩემს შვილს ავარიის გამო ტრავმირებული ცხვირი ჰქონდა, კეხი არ ჰქონდა. ცხედარი რომ გადმოასვენეს, სიფრიფანა, კეხიანი ცხვირი ჰქონდა მიკერებული. ცხვირთან ეტყობა კიდეც თვალის უპისკენ გამავალი ნაჭრილობევი.

შუბლზეც ეტყობოდა წრიული ნაჭდევი, რაც ასევე არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენები. არ ვიცი, რითი იყო ეს ნაჭდევი მიყენებული, თუმცა ჩემი ვარაუდით ეს იყო ნატყვიარი. ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული. შუბლზე ნაჭდევი ცხედარს გადმოსვენების დროსაც ეტყობოდა, თუმცა შემდეგ უფრო მეტად გამოიკვეთა“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

მისი თქმით, იგი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში შეხვდება და მათთან ამ საკითხების გარკვევას შეეცდება. „ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზი არ წერია. რა დასკვნა უნდა, სხეულზე ერთი ადგილი არ მოეძებნება რომ მთელი ჰქონდეს. სისხლჩაქცევები და ნაჭდევები ეტყობა ყველგან. ჩემი შვილი წამებით არის მოკლული,“ - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადმოსცეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]