weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აფგან მუხთარლი ევროსასამართლოში ჩივილს აპირებს

11:01 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017
აფგან მუხთარლი ევროსასამართლოში ჩივილს აპირებს ფოტო © Reuters

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანისთვის ემზადებიან. მათი განცხადებით, მუხთარლის დაკავების დროს ადამიანის უფლებების საერთშორისო კონვენცია დაირღვა და საქმის არაობიექტური გამოძიების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავენ.

„ფაქტია, რომ ამ ადამიანის უფლებები დაირღვა. აღიარება მოხდა და დადასტურება იმისა, რომ არსებობს საზღვრის ისეთი მონაკვეთები, სადაც ტომარათავზეჩამოცმული ადამიანი შეიძლება გაუჩინარდეს და გადაიყვანონ. თუ ქართული გამოძიება ეფექტური იქნება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მაშინ შესაძლებელია, საქართველოს პასუხისმგებლობის საკითხი შემსუბუქდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში“, - განაცხადა აფგან მუხთარლის ერთ-ერთმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა „რუსთავი2“-თან.

აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა მიიჩნევს, რომ მუხთარლის გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობდა,

„სხვაგვარად თბილისის ცენტრიდან ადამიანის გატაცება და პასპორტის გარეშე საზღვარზე გადაყვანა შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ორივე ქვეყანაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ამ საქმის ობიექტურად გამოძიებას მოვითხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ“, - აცხადებს მუსტაფაევა.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედება. ადვოკატები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

შეგახსნებთ, თბილისში, 29 მაისს გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და აქტივისტს, 30 მაისს ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს და დიდი ოდენობის ფული აღმოუჩინეს. მუხთარლის ადვოკატის ელჩინ სადიყოვის ინფორმაციით კი, აფგან მუხთარლი ორშაბათს საღამოს, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.

კლიენტზე დაყრდნობით ადვოკატი აცხადებს, რომ დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. ადვოკატის თქმით, მუხთარლი მას მოუყვა, რომ 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]