weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარნეულის მერი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

16:06 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს თემურ აბაზოვს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარუდგინა, რაც გულისხმობს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ჯგუფურად. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პროკურატურა თემურ აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, რუსთავის სასამართლოს დღეს მიმართავს.

თემურ აბაზოვის ადვოკატის, ზვიად ასათიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. „საკმაოდ მხნედ არის და იბრძოლებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრის მონახულების შემდეგ.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი 13 ივნისს დააკავა.

პროკურორის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, მარნეულში მცხოვრები ელჩინ ა-ი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რაგიმ ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ა-ს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით შეაგინა მარნეულის მერი, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ა-ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ა-ი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.

მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ა-ს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ა-ი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვის გარდა, პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რამინ ალახვერდიევი, ასევე პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვი.

დაზარალებულ ელჩინ ა-ის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მარნეულის მერის მოთხოვნას არ შეასრულებდა და სახეს შარდით არ მოიბანდა, მერი მას სექსუალური ძალადობით დაემუქრა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]