weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სახალხო დამცველმა პირველი არხიდან ლაშა მესხის გათავისუფლებაზე დისკრიმინაცია დაადგინა

12:24 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

საქართველოს სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივ მაუწყებლიდან“ ჟურნალისტ ლაშა მესხის გათავისუფლების საქმის შესწავლის შედეგად პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.

ლაშა მესხი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წლიდან მუშაობდა. 2016 წლის მაისში განმცხადებელმა დააფუძნა პროფესიული კავშირი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ, ხშირად, საჯაროდ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდა.

2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, განმცხადებელთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ განმცხადებელთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.

ლაშა მესხის ინფორმაციით, მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად „მოამბის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ განმცხადებლის კვალიფიკაცია დაასახელა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ განმცხადებლის კვალიფიკაცია გახდა მასთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის საფუძველი, აღნიშნულ ლეგიტიმური მიზანს ვერ ექნება გამართლება, ვინაიდან განმცხადებელი „მოამბის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის კორესპონდენტის პოზიციაზე რამდენიმე წელი მუშაობდა და მასთან ხელშეკრულების ვადის გაგრძელება პერიოდულად ხდებოდა, იმგვარად, რომ მისი კვალიფიკაციის საკითხი აქამდე ეჭვქვეშ არ დამდგარა.

საქმის მასალების შეფასების შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლის გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით, იყო მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დაფარვის სამართლებრივი საშუალება.

სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეკომენდაციით მიმართა, აღმოფხვრას ლაშა მესხის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით, ასევე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]