weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა

21:38 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებულ დასკვნა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ამით კომისიის თითქმის სამთვიანი მუშაობა დასრულდა.

67-გვერდიან დასკვნას, რომელიც ოთარ კახიძემ წარადგინა, კომისიის ცხრა წევრმა - „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. კენჭი ეყარა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნასაც, რომელსაც „ქართული ოცნების“ ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო კომისიის ცხრა წევრი წინააღმდეგი წავიდა.

საპარლამენტო უმცირესობის დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს. საგამოძიებო კომისია რეკომენდაციით მიმართავს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნაც მოხვდა.

საგამოძოებო კომისიის დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

საქართველოს პარლამენტმა 6 ივნისს დაამტკიცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. 17-წევრიან კომისიაში „ევროპულ საქართველოს“ 9 წევრი ჰყავდა, „ქართულ ოცნებას“ კი 6. კომისიის წევრები იყვნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც. ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარი თქვა.

დროებითი საგამოძიებო კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ, გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში. შესაბამისად, უცნობია, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]