weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ფილმიდან რეჟისორები დაითხოვეს

10:57 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

კოსმოსური კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ ანთოლოგიის ფილმმა, რომელიც საკულტო პერსონაჟ ჰან სოლოს ახალგაზრდობის შესახებ იქნება, რეჟისორები დაკარგა. ქრისტოფერ მილერი და ფილ ლორდი კომპანია „ლუკასფილმის“ პრეზიდენტმა, რვაგზის ოსკარის ნომინანტმა კატლინ კენედიმ კრეატიული შეუთავსებლობის გამო პროექტს ჩამოაცილა.

„ფილ ლორდი და ქრისტოფერ მილერი ნიჭიერი რეჟისორები არიან, რომელთაც ფილმისთვის არაჩვეულებრივი სამსახიობო გუნდი და გადამღები ჯგუფი ჩამოაყალიბეს, მაგრამ ნათელი გახდა, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებული კრეატიული ხედვა გვქონდა და გადავწყვიტეთ, ჩვენი გზები გაყრილიყო“, - განაცხადა კატლინ კენედიმ.

ახალგაზრდა რეჟისორებმა, რომელთაც კომედიური ექშენი ფილმებითა და სახალისო ანიმაციებით (21 Jump Street, 22 Jump Street, Cloudy with a Chance of Meatballs, The Lego Movie) გაითქვეს სახელი, „ვარსკვლავური ომების“ კინოპროექტის შუა გზიდან წასვლის შესახებ იგივე მიზეზი დაასახელეს.

„საუბედუროდ ჩვენი ხედვა და პროცესი შეუსაბამო აღმოჩნდა ამ პროექტში არსებულ ჩვენსავე კოლეგებთან. როგორც წესი, ჩვენ არ გვიყვარს ფრაზა ‘კრეატიული შეუთავსებლობა’, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს კლიშე სრული ჭეშმარიტებაა. ძალიან გვეამაყება, რომ მსოფლიო დონის ქასთსა და გადამღებ ჯგუფთან მოგვიწია მუშაობა.“ - აღნიშნეს ოფიციალურ განცხადებაში რეჟისორებმა, რომლებიც ჰან სოლოზე ფილმის დამდგმელებად 2015 წლის ივლისში დასახელდნენ, თუმცა შემდეგ ფილმის შემქმნელებთან, პროდიუსერებთან და სცენარის ავტორებთან მრავალთვიანი შეუთანხმებლობა ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ „ვარსკვლავური ომების“ კინოსერიების ანთოლოგიის ფილმში, რომელიც სიუჟეტურად პრიკველიცაა (წინაისტორია) და სპინ-ოფიც (ცალკეული ისტორია ერთ პერსონაჟზე), ჰარისონ ფორდის მიერ შესრულებული ცნობილი კინოგმირის ახალგაზრდა ვერსიას ოლდენ ერენრაიხი განასახიერებს. მის გარდა ფილმში მონაწილეობენ: ახალგაზრდა კომიკოსი მსახიობი დონალდ გლავერი, „სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავი ემილია კლარკი და ასევე ცნობილი მსახიობები - ვუდი ჰარელსონი და ტენდი ნიუტონი. ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმის გადაღებები 2017 წლის თებერვალში დაიწყო, პრემიერა კი ცნობილია - 2018 წლის 25 მაისი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]