weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

გილერმო დელ ტორომ ვაინშტაინთან თანამშრომლობაზე ისაუბრა, პროდიუსერი კეიტ ბეკინსეილმაც ამხილა

15:29 პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017

გავლენიანი ჰოლივუდელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის გარშემო ატეხილ მასიურ სკანდალს აღიარებული მექსიკელი კინორეჟისორი გილერმო დელ ტოროც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძულს ის გამოცდილება, რომელიც მას ძმებ ვაინშტაინებთან თანამშრომლობისას ჰქონდა. ბრიტანელი კინოვარსკვლავი კეიტ ბეკინსეილი კი იმ მრავალრიცხოვან ქალ მსახიობთა რიცხვს შეუერთდა, რომელთაც პროდიუსერი სექსუალურ ძალადობაში ამხილეს.

ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის ტრიუმფატორი მექსიკელი რეჟისორი იხსენებს 1997 წლის ფანტასტიკურ საშინელებათა ფილმ „მუტანტებზე“ (Mimic) მუშაობას ჰარვი ვაინშტაინის კუთვნილ კინოკომპანია „მირამაქსთან“ ერთად და იმ პერიოდს, როდესაც მამამისი ფედერიკო დელ ტორო 1998 წელს ბოროტმოქმედებს გამოსასყიდის სანაცვლოდ 72 დღით ჰყავდათ გატაცებული.

„მართლა მძულდა მასთან მუშაობა. ჩემი პირველი ამერიკული თანამშრომლობა კინაღამ უკანასკნელიც გამოდგა, რადგან ამის გამოცდილება ვაინშტაინებთან და „მირამაქსთან“ მქონდა. უნდა გამოვტყდე, 90-იანი წლების მიწურულს ორი საშინელება შემემთხვა: ბოროტმოქმედებმა მამაჩემი მოიტაცეს და ვაინშტაინებთან ერთად ვიმუშავე. ვიცი ამ ორიდან რომელი იყო უფრო საშინელი... გატაცების შემთხვევაში ვიცოდი მაინც რა უნდოდათ მათ.“ - განუცხადა ოსკარის ნომინანტმა სცენარისტმა და რეჟისორმა ლონდონის კინოფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას.

შეხვედრაზე გილერმო დელ ტორომ ასევე აღნიშნა, რომ ვაინშტაინებთან თანამშრომლობამ მას ჩხუბი ასწავლა, რადგან „მირამაქსის“ ხელმძღვანელები მის საქმიანობაში უხეშად ერეოდნენ და გამუდმებით აცვლევინებდნენ სცენარსა და სიუჟეტს.

„მათთან ბრძოლისას დავმარცხდი მსახიობების შერჩევაში და დავმარცხდი სიუჟეტის აწყობაში, თუმცა რაშიც გავიმარჯვე, ფილმის ვიზუალური ნაწილი იყო, რაც 100%-ით ისეთი გამოვიდა, როგორიც მე მსურდა. ფილმის საუკეთესო ნაწილიც სწორედ ვიზუალი მხარე და სპეცეფექტებია“ - დასძინა 53 წლის მექსიკელმა რეჟისორმა.

სექსუალური შევიწროების მრავალ ფაქტსა და მცდელობაში ბრალდებულ ჰარვი ვაინშტაინზე ცნობილმა ინგლისელმა კინოვარსკვლავმა კეიტ ბეკინსელმაც ისაუბრა და პროდიუსერთან საკუთარი გამოცდილება „ინსტაგრამით“ გაავრცელა.

„17 წლის ვიყავი, ჰარვი ვაინშტაინს სასტუმრო „სავოიში“ უნდა შევხვედროდი, მეგონა ეს საკონფერენციო ოთახი იქნებოდა, თუმცა იქ მისვლისას ადმინისტრატორმა მითხრა, რომ მის ნომერში უნდა ავსულიყავი. მან კარი აბაზანის ხალათში გამოწყობილმა გამიღო, იმდენად პატარა და გულუბრყვილო ვიყავი, საერთოდ არ მიფიქრია მისი მხრიდან სექსუალური ხასიათის ინტერესზე. შემოთავაზებულ ალკოჰოლზე უარის თქმის შემდეგ, ვუთხარი, რომ მეორე დღეს დილით სკოლაში წასასვლელი ვიყავი და როგორც იქნა წამოვედი, რაც იოლი არ ყოფილა, თუმცა ის ფიზიკურად არ შემხებია. რამდენიმე წლის შემდეგ მკითხა, პირველი შეხვედრისას რამე მქონდა თუ არა მასთან. მივხვდი, რომ არ ახსოვდა მაშინ შემეხო თუ არა. მას შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე უამრავჯერ ვუთხარი პროფესიული უარი თანამშრომლობაზე, ერთი შემოთავაზებისას კი მიყვირა, უხამსი სიტყვა მიწოდა და დამემუქრა.“ - ნათქვამია 44 წლის მსახიობის პოსტში.

ოსკაროსანი კინოპროდიუსერი ასევე დაადანაშაულეს ცნობილმა ფრანგმა ახალგაზრდა მსახიობებმა, კარა დელევინმა და ლეა სეიდუმ.

მიმდინარე სკანდალის ფონზე, რომელიც ბოლო დღეები ჰარვი ვაინშტაინის გარშემო გამწვავდა, პროდიუსერმა არიზონას შტატში წასვლა და სექსუალური დამოკიდებულების მკურნალობა გადაწყვიტა. არსებული ინფორმაციით, ცნობილი პროდიუსერი კურსს ცენტრ Meadows-ში გაივლის, სადაც წლების წინ ლეგენდარული გოლფისტი ტაიგერ ვუდსი ამავე მიზეზით მკურნალობდა. მკურნალობა 45-დღიან პროგრამას მოიცავს, რომელიც ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციას, მედიტაციას, იოგას და ცხენით ჯირითით თერაპიასაც კი გულისხმობს. ცნობილია, რომ გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე პროდიუსერმა, რომელსაც სექსუალური ბრალდებების გახმაურების შემდეგ მეუღლე გაშორდა, თავის მოკვლაც სცადა. ამის შესახებ პოლიციას მისმა ქალიშვილმა განუცხადა, რომლის თქმითაც, მამამისი მომხდარით დათრგუნულია და შესაძლოა, სუიციდი ეცადა. ვაინშტაინის შვილის ზარის შემდეგ, პროდიუსერის სახლთან 24 საათი პოლიცია დარაჯობდა.

ჰარვი ვაინშტაინმა გამოცემა Page Six-ისთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ განადგურებულია იმ ბრალდებების გამო, რომლებმაც ჯორჯინა ჩეპმენთან მისი ათწლიანი ქორწინება დაასრულეს.

„სრულიად განადგურებული ვარ. დავკარგე მეუღლე და შვილები, რომლებიც ყველაფერზე მეტად მიყვარს. სრულიად ვეთანხმები მის გადაწყვეტილებას. მე წინ არ აღვუდექი ჯორჯინას გადაწყვეტილებას გაშორების თაობაზე და ვურჩიე ისე მოქცეულიყო, როგორც გული უკარნახებდა. მართლა მიყვარს ჯორჯინა და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც შესაძლოა შევრიგდეთ, თუმცა ახლა არ ვიცი, რომ ოდესმე ეს მოხდება.“ - განაცხადა ჰარვი ვაინშტაინმა.

Page Six-ამდე სკანდალურმა პროდიუსერმა პირველი კომენტარი კი სელებრითების შესახებ ინფორმაციების გავრცელებით ცნობილ ვებგვერდ TMZ-ის ვიდეოში გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ შეცდომას ყველა უშვებს, დახმარება სჭირდება და მეორე შანსი ითხოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]