weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ვარსკვლავური სამსახიობო გუნდი კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში

14:49 ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017

ორი ოსკარის მფლობელი სცენარისტისა და რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი ტომ კრუზს შესთავაზეს. მის გარდა მაყურებელი რეალურ კრიმინალურ ისტორიაზე დაფუძნებულ დრამაში, სავარაუდოდ, ბრედ პიტს, სამუელ ლ. ჯექსონსა და ლეონარდო დიკაპრიოს იხილავს, ქალის მთავარ როლს კი მარგო რობი შეასრულებს.

როგორც ცნობილია, ახალი ფილმში, რომლის სცენარზე მუშაობაც ტარანტინომ უკვე დაასრულა, მოქმედება 1969-1970 წლებში ხდება და ის გახმაურებული სისხლიანი მკვლელობების ფონზე განვითარდება - 1969 წლის 8 აგვისტოს წარუმატებელმა მუსიკოსმა და კომუნა „ოჯახის“ ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე სახლზე თავდასხმა უბრძანა. მენსონის სექტამ სასტიკად მოკლა სახლის ხუთი მცხოვრები, მათ შორის რეჟისორ რომან პოლანსკის ცხრა თვის ორსული ცოლი - მსახიობი შერონ ტეიტი. მენსონის „ოჯახის“ წევრების სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა და შვიდ დამნაშავეს გაზის კამერაში სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა 1972 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობის განაჩენით შეეცვალათ.

კვენტინ ტარანტინოს თქმით, ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმში ძირითადი აქცენტი სწორედ მომხდარ ისტორიაზე გაკეთდება და სურათი არ იქნება ბიოგრაფია ჩარლზ მენსონზე.

არაოფიციალური ინფორმაციით, მარგო რობის მიწვევა რეჟისორს შერონ ტეიტის როლზე სურს, ბრედ პიტმა შესაძლოა გამომძიებელი დეტექტივის როლი შეასრულოს, დიკაპრიომ კი შესაძლოა თავად ჩარლზ მენსონი განასახიეროს. რა როლი ექნებათ ტომ კრუზსა და ტარანტინოს მუდმივ კოლაბორატორ სამუელ ლ. ჯექსონს, ამ ეტაპზე უცნობია. ჭორების თანახმად, ფილმში შესაძლო მონაწილეობაზე ოსკაროსანი ვარსკვლავები, ჯარედ ლეტო და ჯენიფერ ლოურენსიც განიხილებოდნენ, რომლებსაც შესაბამისად, მენსონისა და მისი დაჯგუფების წევრ სიუზენ ატკინსის როლები უნდა შეესრულებინათ.

უკვე ცნობილია, რომ ტარანტინოს ახალი ფილმის პროდიუსერები არ იქნებიან ბობ და ჰარვი ვაინშტაინები, რომლებთან ერთადაც რეჟისორმა თითქმის თავის ყველა ფილმზე იმუშავა. ამის მიზეზი ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული გახმაურებული სექს-სკანდალია. ამიტომაც ფილმის პროდიუსერი „ჰარი პოტერის“ კინოსერიებითა და „გრავიტაციით“ ცნობილი, ოსკარის ნომინანტი დევიდ ჰეიმანი იქნება. „ვაინშტაინ კომპანისა“ და „მირამაქსის“ ნაცვლად, ფინანსურ მხარდაჭერას ტარანტინოს ისეთი წამყვანი სტუდიები სთავაზობენ, როგორებიცაა: Lionsgate, Fox, Sony Pictures, Universal Pictures, Annapurna Pictures და სხვა. ფილმის წარმოებას 100 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება.

კვენტინ ტარანტინო თავის რიგით მე-9 ფილმის გადაღებებს მომავალი წლის ზაფხულში, კალიფორნიაში დაიწყებს, პრემიერა კი 2019 წელს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]