weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გოთემის კინოდაჯილდოება გეი-მელოდრამა ფილმის გამარჯვებით დასრულდა

12:33 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

იტალიელი რეჟისორის, ლუკა გუადანინოს ჰოლივუდური მელოდრამა სათაურით „შენი სახელით მომმართე“ (Call Me by Your Name), დამოუკიდებელი ფილმების დაჯილდოება გოთემის (Gotham Independent Film Awards) ტრიუმფატორი გახდა. ამერიკელი მწერლის, ანდრე ასიმანის 2007 წელს გამოცემულ რომანზე დაფუძნებულმა ფილმმა მთავარი ჯილდო - წლის საუკეთესო ნამუშევრის წოდება მიიღო.

ლუკა გუადანინოს უახლეს სურათს, რომელიც ყველაზე პრესტიჟული კინოჯილდოს, ამერიკის კინოაკადემიის პრემია ოსკარის წლევანდელი დაჯილდოების ერთ-ერთ მოწინავე კანდიდატად უკვე ითვლება, გოთემის ცერემონიის მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლაში ოთხი ფილმი ეცილებოდა: The Florida Project (რეჟ: შონ ბეიკერი), Get Out (რეჟ: ჯორდან პილი), Good Time (რეჟ: ჯოშუა საფდი & ბენ საფდი) და I, Tonya (რეჟ: კრეიგ გილესპი). 17 წლის ბიჭის რომანტიკულ თავგადასავალზე შექმნილმა მელოდრამამ ასევე მოიპოვა საუკეთესო აღმოჩენა-როლის პრიზი, რომელიც ახალგაზრდა მსახიობ ტიმოტე შალამეს ერგო.

აღსანიშნავია, რომ გოთემის დაჯილდოების უკანასკნელი წლების გამარჯვებული ფილმები ოსკარებზე გამარჯვებულ ფილმებს ემთხვევა: Birdman (2014), Spotlight (2015), Moonlight (2016), ამიტომაც კინოკრიტიკოსებისგან დადებითად შეფასებულ ფილმს სწორედ ოსკარზე ტრიუმფს უწინასწარმეტყველებენ.

გოთემის დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი - ოთხი ნომინაცია ჯორდან პილის გახმაურებულმა ფსიქოლოგიურმა თრილერმა მიიღო და საუკეთესო რეჟისურასა და საუკეთესო სცენარში გაიმარჯვა.

სპეციალური პრიზი საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის ფილმმა „მადბაუნდი“ (Mudbound) მიიღო.

რაც შეეხება საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა და საუკეთესო ქალი მსახიობის წოდებებს, ისინი ორგანიზაცია დამოუკიდებელი რეჟისორების პროექტმა (IFP), რომელიც გოთემის დაჯილდოებას მართავს, ჯეიმს ფრანკოსა და სირშა რონანს არგუნა, შესაბამისად ფილმებისთვის - The Disaster Artist და Lady Bird.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]