weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დიუნკერკი: როგორ მანიპულირებს ქრისტოფერ ნოლანი მაყურებელზე

15:31 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენის, საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკიდან ბრიტანული არმიის ევაკუაციის კინოისტორია ბატალური სცენებით გაჯერებული საომარი დრამა იმდენად არაა, რამდენადაც Survival ჟანრისა და უმეტესწილად ვიზუალური სასპენსის მქონე ფილმი. აღიარებული ინგლისელი რეჟისორის, ქრისტოფერ ნოლანის ამ ერთგვარი ფილმი-ტრიპტიხის მთავარი დადებითი მხარე სიუჟეტ-მოქმედების სტრუქტურაა: მაყურებელი პრეისტორიის გარეშე, შუა მოვლენებიდან უმალ ერთვება „დიუნკერკის სასწაულად“ წოდებულ მასშტაბურ ოპერაციაში, რომელზეც რეჟისორი არაფერს ყვება როგორც ისტორიულ ფაქტზე, არამედ მიწაზე, ჰაერში და წყალზე ამ ყველაფრის უშუალო მონაწილედ პირდაპირ ხდის ფილმის მაყურებელს, რომელიც ხან „სპიტფაირის“ კაბინაშია, ხან ზღვაში იახტაზე ირყევა, ხანაც დაზაფრულ ბრიტანელ რიგითებს ეხლება სუნთქვაშეკრული.

რა თქმა უნდა, „დიუნკერკს“ რეჟისურა და დადგმა ნოლანისეულად ძლიერი აქვს: თითქმის არანაირი CGI, რეალური ადგილები, ე.წ „მასოვკა“ და ნამდვილი მოდელებით შესრულებული სპეც-ეფექტები. იდეალურია ფილმის მთლიანად ტექნიკური მხარე: შთამბეჭდავი საოპერატორო ნამუშევარი, ხმის ეფექტები, საუცხოო მონტაჟი და ჰანს ციმერის მუსიკა, რომელიც მთელი ფილმის თითქოს ქაოსურ მსვლელობაში გულს კიდევ უფრო აჩქარებს.

საერთო მოსაზრებით, რეჟისორის წინა ფილმები უფრო უკეთესი, უფრო მეტად პოპულარული და გაცილებით წარმატებულებია, თუმცა „დიუნკერკი“ ქრისტოფერ ნოლანის ფილმოგრაფიაში სრულიად განსხვავებული ნამუშევარი და ამა წლის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო კინოსურათია.

და მაინც, ასეთი განსხვავებული, გამორჩეული, ორიგინალური და შთამბეჭავი, რაც ამ ფილმს აქვს, სწორედ უკვე ნახსენები სიუჟეტური სტრუქტურაა, რითაც რეჟისორი მაყურებელს „აბამს“ და მასზე გვარიანად მანიპულირებს. დროში მსვლელობა ხომ ნოლანის საყვარელი თვალსაჩინო ფორმაა საკუთარი ხელწერის საჩვენებლად (თუნდაც „მემენტოსა“ და „ინტერსტელარში“).

„დიუნკერკში“ სამ ნაწილად გაყოფილი სიუჟეტია: ერთი მათგანი მოლია, ანდა ხმელეთი, სანაპირო, სადაც მოქმედება ქვეითი ჯარისკაცების შესახებ ერთი კვირის მონაკვეთითაა ნაჩვენები. მეორე ნაწილი ზღვა გახლავთ, რომელშიც სიუჟეტი ერთ დღეს მოიცავს, მესამე კი - ცა, სადაც ბრიტანელი პილოტების ერთსაათიანი მისიაა ნაჩვენები. სამი პერსპექტივიდან დანახული სამივე სიუჟეტური ხაზი თითქმის ერთდროულად იწყება და მათი სცენების მონაცვლეობისას მაყურებელს, დიდი ალბათობით, ჰგონია რომ სუნთქვისშემკვრელად დრამატული მოვლენები ერთმანეთის პარალელურად ხდება, თუმცა ფილმის მეორე ნახევარში მონტაჟის საოცრებას ფარდა ეხდება და ირკვევა, რომ ხსენებული სამი ნარატივი (ხმელეთი, ზღვა, ცა) არაქრონოლოგიურად, არა პარალელურად, არამედ სხვადასხვა დროში მიმდინარეობდა და ერთმანეთი მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტში გადაკვეთეს. სხვათა შორის, ერთ საინტერესო ვიდეორევიუში ფილმის მთავარ ანტაგონისტად სწორედ დროის აღქმა იყო დასახელებული.

ქრისტოფერ ნოლანმა, რომელსაც „დიუნკერკისთვის“ რეკორდული ჰონორარი (20 მილიონი $) ერგო, ფილმი თავის სამშობლო ბრიტანეთს გადაუღო, იმ ქვეყანას, რომელმაც უდიდესი დანაკარგი ნახა მეორე მსოფლიო ომში, თანაც ისე - რომ ფილმში მტერი პრაქტიკულად უხილავი გამოიყვანა (თუ არ ჩავთვლით ცაში მოგრუხუნე „მესერშმიდტებსა“ და ფინალურ კადრში ორი გერმანელი ჯარისკაცის წამიერ სილუეტს), უფრო მეტიც - სიტყვები: გერმანელები, გერმანია, ფაშისტები ან ნაცისტები საერთოდ არ ახსენა, მათ ნაცვლად ფილმში მხოლოდ „მტერი“ და „მოწინააღმდეგე“ ისმის.

მარტივი შეფასებით, „დიუნკერკზე“ რაც არ უნდა ითქვას, ყველაზე მთავარი და დასაფასებელი ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომზე არსებული აურაცხელი ფილმის შემდეგ ქრისტოფერ ნოლანმა სულ მცირე, სრულიად განსხვავებული ახალი ფილმი გადაიღო, სრულიად უცხო, თავისეული ორიგინალური სტილით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]