weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„საშიში დედა“ ოსკარისთვის ბრძოლას გამოეთიშა

11:17 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017

ამერიკის კინოაკადემიამ იმ ცხრა ფილმის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს. 92 სხვადასხვა ქვეყნის ფილმისგან შემდგარ სარეკორდო სიიდან საოსკარე რბოლას საქართველოს რჩეული ფილმი, რეჟისორ ანა ურუშაძის ნამუშევარი „საშიში დედა“ გამოეთიშა.

9 ფილმისგან შემდგარ ე.წ. შორთლისტში ძირითადად ის გამორჩეული არაამერიკული ფილმები მოხვდნენ, რომლებიც აღნიშნულ ნომინაციაში წარდგენის ფავორიტებად მოიაზრებოდნენ. მათი უმეტესობა წლის განმავლობაში სხვადასხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებზე იყო ნაჩვენები და კინოჯილდოების მოპოვებაც მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა მიხაელ ჰანეკესა (Happy End, ავსტრია) და ანჯელინა ჯოლის (First They Killed My Father, კამბოჯა) უახლესი ფილმები, ასევე რეალურ სოციალურ მოვლენებზე დაფუძნებული გახმაურებული ფრანგული დრამა - 120 battements par minute.

ამერიკის კინოაკადემიის მიერ არჩეული ცხრა ფილმი, რომელთაგანაც მეორე ეტაპზე ხუთი შეირჩევა და ოსკარის ნომინაციას მოიპოვებს, ესენია:

A Fantastic Woman / Una mujer fantástica (ჩილე, რეჟ: სებასტიან ლელიო)

Félicité (სენეგალი, რეჟ: ალენ გომისი)

Foxtrot (ისრაელი, რეჟ: სამუელ მაოზი)

In the Fade / Aus dem Nichts (გერმანია, რეჟ: ფათიჰ აქინი)

Loveless / Нелюбовь (რუსეთი, რეჟ: ანდრეი ზვიაგინცევი)

On Body and Soul / Testről és lélekről (უნგრეთი, რეჟ: ილდიკო ენიედი)

The Insult / L'insulte (ლიბანი, რეჟ: ზიად დუეირი)

The Square (შვედეთი, რუბენ იოსტლუნდი)

The Wound / Inxeba (სამხრეთ აფრიკა, რეჟ: ჯონ ტრენგოუვი)

აღსანიშნავია, რომ კინოაკადემიის მიერ დასახელებული ცხრა კანდიდატიდან ოთხმა (ჩილე, გერმანია, რუსეთი, შვედეთი) რამდენიმე დღის წინ ოქროს გლობუსების დაჯილდოებაზეც მოიპოვეს ნომინაციები.

წინასწარი პროგნოზებით, საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოსკარის მოპოვების შანსი კანის წლევანდელი კინოფესტივალის ტრიუმფატორ შვედურ ფილმს, აღნიშნულ ნომინაციაში უკვე მყოფ ანდრეი ზვიაგინცევის ნამუშევარსა და ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებულ უნგრულ სურათს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარის დაჯილდოვების რიგით 90-ე ცერემონია 2018 წლის 4 მარტს გაიმართება. მისი წამყვანი კი კვლავ კომიკოსი ჯიმი კიმელი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]