weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ოამარუ - სტიმპანკური სამყაროს ცენტრად ქცეული ახალ ზელანდიური ქალაქი

14:12 შაბათი, 13 მაისი 2017

მოკრძალებული ახალ ზელანდიური ქალაქი ოამარუ ვიქტორიანული ეპოქის შემორჩენილი არქიტექტურით გამოირჩევა, თუმცა ქვეყნის სამხრეთ კუნძულზე არსებული, ფერმერებით დასახლებული პატარა ქალაქი სტიმპანკის ნამდვილ ცენტრად და სტიმპანკური სამყაროს დედაქალაქადაა ქცეული - იქ შეგროვილი უამრავი ენთუზიასტი ადამიანის გამო ოამარუ გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც სტიმპანკის მიმდევართა უდიდესი თავშეყრის ადგილი.

ოამარუს ასაკოვანი მკვიდრი იეინ კლარკი, რომელსაც ქალაქში აგენტი დარლინგის სახელით იცნობენ, ამბობს, რომ სტიმპანკური მოძრაობა ქალაქში 2010 წელს დაიწყო და იმხანად ქალაქის უამრავი მაცხოვრებელი ეჭვის თვალით და ამავე დროს, დიდი ინტერესით უყურებდა უცნაურად ჩაცმულ ადამიანებს.

იმავე წელს კლარკი დაუახლოვდა ქვეყნის დედაქალაქ ველინგტონში მდებარე სპეც-ეფექტებზე მომუშავე ცნობილ კომპანია Weta Workshop-ს, რომელსაც ვიზუალური სპეცეფექტები ისეთი ფილმებისთვის აქვს შექმნილი, როგორებიცაა: ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელი“, Hellboy, King Kong, District 9, Avatar, Elysium, Mad Max: Fury Road და სხვა. კომპანიამ კლარკს, ქალაქის სტიმპანკურ მოძრაობასა და ოამარუს საჩუქრად გადასცა უდიდესი რაოდენობით ნიმუშები, ტექნიკა, კოსტიუმები და მსგავსი ნივთები, რომელიც გამოფენის სახით გამოიფინა ქალაქში, დღეს კი მუზეუმიც ფუნქციონირებს.

ოამარუში 14 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელნიც ვაიტაკის რაიონში უმეტესად ფერმერობას მისდევენ. სტიმპანკური მოძრაობის გაფართოებასთან ერთად, ჟანრის მოყვარულთა და მიმდევართა რიცხვი გაიზარდა და ქალაქის მთავარ ქუჩებში უამრავ ადამიანს შეხვდებით, რომელნიც ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით დაიარებიან. ოამარუში ასევე იმართება სტიმპანკის სამყაროსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის შეჯიბრები, თამაშები და გამოფენები.

სტიმპანკი (ინგლისურად: Steam - ორთქლი, Punk - პანკი) სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომელიც მე-19 საუკუნის ინდუსტრიული ეპოქის ტექნოლოგიით, ორთქლზე მომუშავე ტექნიკასა და აღნიშნული ეპოქისთვის დამახასიათებელ ესთეტიკურ დიზაინს მოიცავს. სტიმპანკი, როგორც მიმართულება, ფართოდ გამოიყენება ალტერნატიული ისტორიის ჟანრის მქონე ნაწარმოებებსა და ფილმებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]