weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დენი ვილნევი „დიუნის“ მინიმუმ ორ სერიას გადაიღებს

16:16 ორშაბათი, 12 მარტი 2018

აღიარებული კანადელი რეჟისორის, დენი ვილნევის თქმით, იგი მწერალ ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო-ფანტასტიკური წიგნების სერია „დიუნის“ მიხედვით სულ მცირე ორი ფილმის გადაღებას გეგმავს. ოსკარის ნომინანტი რეჟისორის განმარტებით, თავისი „ცხოვრების პროექტად“ წოდებულ ფილმზე მუშაობას იგი სავარაუდოდ მომდევნო ორ წელს დაუთმობს.

დენი ვილნევის სურვილი მასშტაბური ფრანშიზის შექმნაა, ისეთივე მდიდრულის, როგორიც თავად ამერიკელი ფანტასტი მწერლის მიერ შექმნილი ეპიკური სამყაროა. ამის მიზეზი რეჟისორ დევიდ ლინჩის 1984 წელს გამოსული წარუმატებელი ფილმი „დიუნაა“, რომელმაც საყოველთაო მოსაზრებით, ჰერბერტის რომანების სათქმელი სათანადოდ ვერ თქვა. ვილნევის განცხადებით, მისეული ვერსია ლინჩის ფილმისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ვილნევმა ორი ფილმი ერთდროულად გადაიღოს და შემდეგ იგი მონტაჟისას ორ ნაწილად გაყოს, ისევე როგორც მას თავის უკანასკნელ ფილმზე (Blade Runner 2049) მუშაობისას სურდა, თუმცა სტუდიებმა გადაღებული მასალა შეამცირეს და ერთ ფილმად აქციეს.

„დიუნის“ გადაღებებისა და გამოსვლის თარიღები, ისევე როგორც სხვა დეტალები, ჯერ-ჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 70-იან წლებში „დიუნის“ ეკრანიზაცია სურდა ცნობილ ჩილელ რეჟისორ ალეხანდრო ხოდოროვსკის, რომელმაც ფილმზე მუშაობას დიდი დრო დაუთმო, თუმცა საბოლოოდ სხვადასხვა მიზეზების გამო იგი ვერ გადაიღო. მისი წარუმატებელი მცდელობის შესახებ 2013 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმიც (Jodorowsky’s Dune) არსებობს.

რაც შეეხება თავად რომანების ორიგინალ სერიას, სადაც მოქმედება მომავალ დროში, შორეულ გალაქტიკაში ხდება, ისინი 1965-1985 წლებში ექვს წიგნად გამოიცა: „დიუნა“ (1965), „დიუნის მესია“ (1969), „დიუნის შვილები“ (1976), „დიუნის იმპერატორი-ღმერთი“ (1981), „დიუნის ერეტიკოსები“ (1984) და „დიუნის კაპიტოლიუმი“ (1985), რის შემდეგაც მწერლის შვილმა ბრაიან ჰერბერტმა და მწერალმა კევინ ჯეიმს ანდერსონმა 15-ზე მეტი წინამდებარე ისტორიები, ე.წ. პრიკველი რომანები დაწერეს და გამოსცეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]