weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჯეიმს მენგოლდი ბობა ფეტის შესახებ ფილმს გადაიღებს

10:59 შაბათი, 26 მაისი 2018

„ვარსკვლავური ომების“ კინოსერიების ცნობილ პერსონაჟ ბობა ფეტზე სპინ-ოფ ფილმს ოსკარის ნომინანტი სცენარისტი და რეჟისორი ჯეიმს მენგოლდი თავისივე დაწერილი სცენარის მიხედვით გადაიღებს.

ხსენებული ფილმი რიგით მესამე ე.წ. სპინ-ოფი (არასერიული, ცალკე კინოისტორია) იქნება პოპულარულ კოსმოსური კინოსაგაში, წინა ორი კი გახლავთ - Rogue One: A Star Wars Story და Solo: A Star Wars Story.

არსებობდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც ბობა ფეტის შესახებ ფილმზე „იქს-ადამიანების“ კინოსერიებით ცნობილი სცენარისტი და პროდიუსერი საიმონ კინბერგი იმუშავებდა, ამჟამად კი როგორც ირკვევა, იგი სწორედ ჯეიმს მენგოლდთან ერთად დაკავდება ხსენებულ პროექტში. კინბერგმა და მენგოლდმა ასევე ერთად იმუშავეს გასული წლის კინოჰიტ „ლოგანზე“.

პერსონაჟი ბობა ფეტი მაყურებელმა „ვარსკვლავური ომების“ 1980 წელს გამოსულ მეორე ფილმსა (ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა) და 1983 წელს გამოსულ სერიაში (ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება) იხილა. თავებზე მონადირე ბობა ფეტი, რომელსაც სახეს ლითონის ჩაფხუტი უფარავდა, უმალ გახდა ფანატების საყვარელი გმირი. კოსმოსური ეპოპეის მოყვარულებმა პერსონაჟის წარმოშობაზე „ვარსკვლავური ომების“ შემდგომ გამოსულ პრიკველ-ტრილოგიაში შეიტყვეს, სადაც გაირკვა, რომ კლონ ჯარისკაცად აღსაზრდელი ყმაწვილი ბობა ფეტი თავისივე მამობილის, ჯანგო ფეტის კლონი იყო. პერსონაჟი ასევე გამოჩნდა ფრანშიზის კომიქსებსა და ანიმაციურ სერიებში.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბობა ფეტი „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, მაინც ითვლება საკულტოდ და ჟურნალმა Empire იგი ყველა დროის საუკეთესო კინოპერსონაჟების ასეულში შეიყვანა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარე ახალი ეპიზოდებისგან შემდგარი ტრილოგიის გარდა, კომპანია „დისნეისა“ და სტუდია „ლუკასფილმს“ მომავალში ასევე სურთ „ვარსკვლავური ომების“ კიდევ ერთი სპინ-ოფ ფილმის გადაღება პოპულარულ პერსონაჟ ობი-ვან კენობიზე. გარდა ამისა, დაანონსებულია სრულიად ახალი ორი სპინ-ოფ კინოტრილოგია, რომლებზეც შესაბამისად, რაიან ჯონსონი და სერიალ „სატახტოთა თამაშით“ სახელგანთქმული დუეტი - დევიდ ბენიოფი და დენ ვაისი იმუშავებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]