weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

მეჭიაური მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე – ქუცნაშვილი თიანეთში მომხდარ მკვლელობაზე

14:55 პარასკევი, 04 იანვარი 2019

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა თიანეთში მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ორი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ დანაშაული სიმთვრალეში ჩაიდინეს. მან მომხდარი თიანეთის მერს, თამაზ მეჭიაურს დაუკავშირა და თქვა, რომ „კაპოტზე ქეიფით“ ის საზოგადოებაზე მავნე ზეგავლენას ახდენს.

„მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ მთაში და თიანეთში განსაკუთრებით, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ ნაწილში, ძალიან გახშირდა სიმთვრალეში დანაშაულის ჩადენის შემთხვევები. ეს მე ძალიან მაშფოთებს.

მე მოტივებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ფორმა, რა ფორმაშიც ხდება ამ დანაშაულის ჩადენა, ეს არის სიმთვრალის მდგომარეობა. ამიტომაც, როცა გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი საჯარო სივრცეში ალკოჰოლური თრობის კამპანიას და ბევრი იუმორით ხვდებოდა ამას, რომ „კაპოტზე“ ქეიფის პროპაგანდირება ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული ამბავი. მემგონი, ყველა დარწმუნდება, სამწუხაროდ, რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ, იმიტომ რომ, როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი „კაპოტზე“ ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის თაროები სავსეა წიგნების ნაცვლად ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება, რაც საჯარო სივრცეში ევროპაში და ამერიკაში პირდაპირ აკრძალულია.

მე დარწმუნებული ვარ - რომ არა სიმთვრალე, ეს ორმაგი მკვლელობა თიანეთში არ მოხდებოდა. სიმთვრალეში მოხდა ეს მძიმე დანაშაული და მე მინდა ყველას, საზოგადოებას მოვუწოდო, ასეთ თემებს ნუ გადავიტანთ ხუმრობის ჟანრში იმიტომ, რომ მავნე ზეგავლენის პროპაგანდირება საჯარო სივრცეში ალკოჰოლური თრობის თუ ნებისმიერი სხვა თრობის „კარგ ბიჭობის“ ტონად მიღება, ეს არ არის კარგი შედეგების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის.

სამწუხაროდ მე მიხდება ამის კონსტანტირება, მაგრამ ამას ვაკეთებ მხოლოდ იმ ერთი მიზეზის გამო, რომ საზოგადოება რბილად შეხვდა ჩემს ანტი-ალკოჰოლურ კამპანიას, როდესაც ვამბობდი, რომ „კაპოტზე“ ქეიფის საჯაროდ დემონსტრირება, მითუმეტეს საჯარო სივრცეში და არჩევნების დროს, არ შეიძლება იყოს მაგალითი ან სიამაყის ნიშანი. მაგრამ იუმორმა გადაწონა რეალობა და სამწუხაროდ, პროპაგანდირება გაეწია ამ მავნე ზეგავლენით ცხოვრების წესს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ამ განცხადებას თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ხადას ხეობაში (ამ ჩოილარის სადეპუტატოში) ამერიკელების ოჯახის მკვლელობასაც კაპოტს ხომ არ აბრალებს? ისე, მიცვალებულებს მაინც შეეშვი და გამოძიებას აცალე, შე ძალად იურისტო!“.

2 იანვარს, თიანეთში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ერთ-ერთი მოკლული ადგილობრივი მცხოვრები, 57 წლის ოლეგ შუშანაშვილია. მძიმეა დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]