weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანიას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალა

10:34 სამშაბათი, 25 ივლისი 2017
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე

მომღერალ გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) სიძის - გიორგი შარაშიძის კუთვნილი შპს „სიტროენ ჯორჯია“ 2017 წლის ივლისში ორჯერ შეიყვანეს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ერთი წლით აეკრძალა. გიორგი შარაშიძე ამ კომპანიის დირექტორი და 70 %-ის მფლობელია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შპს „სიტროენ ჯორჯია“ (ს/კ - 402033839), 2017 წლის 14 ივლისს და 18 ივლისს, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ანუ „შავ სიაში“ ორჯერ იქნა შეყვანილი.

აღნიშნულმა კომპანიამ ჯეროვნად არ შეასრულა სს „საქართველოს ფოსტისთვის“ 32 570 ლარად ღირებული ავტომანქანის შესყიდვისა და მიწოდების, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის 10 ერთეულ ავტომანქანაზე თანმდევი საგარანტიო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, შავ სიაში შეტანილ კომპანიას ერთი წლის განმავლობაში არა აქვს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ანდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადების უფლება.

შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორი და 70 % წილის მფლობელია გიორგი შარაშიძე, - მომღერალ გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) სიძე, რომლის კუთვნილმა კიდევ ერთმა კომპანიამ - „კონსტრაქტ ვიჟენს“-მა (ს/კ - 400150171) სახელმწიფოსგან პირდაპირი განკარგვის წესით მიიღო თბილისში მდებარე 12 902 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებები - მინა-პლასტიკის საწარმოს აშენება და მასში 70 ადამიანის დასაქმება, - აღარ შეასრულა. ამ თემაზე მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება „სტუდია მონიტორმა“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გიორგი შარაშიძე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. მან 2016 წლის 29 აგვისტოს მმართველ პოლიტიკურ პარტიას 50 000 ლარის შემოწირულობა ჩაურიცხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]