weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა

16:29 შაბათი, 29 ივლისი 2017

ხარაგაულის რაიონის სოფელ ანეულასთან სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისას, გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის, 52 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავის ქალის ტრავმითა და მრავლობითი მოტეხილობებით ის თბილისში, კლინიკა "ლანცეტშია" მოთავსებული.

გვირაბის ნაწილი დღეს, გამთენიისას ჩამოინგრა. მეორე დაშავებული მუშა სახლში მკურნალობს. ხარაგაულის გამგებლის ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, ეს მშენებარე გვირაბის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა არ არის.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ლეჟავას განცხადებით, პროფკავშირის ინსპექტორებმა გვირაბის მშენებლობის ადგილზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა მაისში შეამოწმეს და სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს, რაზეც სამშენებლო კომპანიას რეკომენდაციებით მიმართეს. ობიექტის ხელახალი შემოწმება სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო.

ილია ლეჟავას თქმით, მშენებარე ობიექტს „საქართველოს რკინიგზა“ უნდა ამოწმებდეს, რადგან გვირაბის მშენებლობის სამუშაოებს მისი კონტრაქტორი კომპანია - „ჩინეთის რკინიგზის 23-ე უბანი“ ასრულებს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიც შეისწავლის.

ბოლო თვეებში სამუშაო ადგილზე მუშების დაშავებისა და დაღუპვის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა დაფიქსირდა. 25 ივლისს, თბილისში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან 27 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. 30 მაისს მუშა დაიღუპა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზეც, სადაც ის მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. 9 მაისს, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გამოძიება დაიწყო 121 შემთხვევაში. აქედან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 21 შემთხვევაში. 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]