weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

მესტიაში მწარედ მოხვდათ ცხვირ-პირში, უფრო აგრესიულები ვიქნებით – „ალტ-ინფო“

18:33 ხუთშაბათი, 17 მარტი 2022

პრორუსული ორგანიზაციის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები პარტიის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებს, რომლებიც მათი ოფისების დახურვას ითხოვენ, აფრთხილებენ, რომ ზუსტად ისე მოხვდებათ ცხვირ-პირში, როგორც მესტიაში მოხვდათ.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქარდავამ სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები „ალტ-ინფოს“ ეთერში გააკეთა.

„კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების ჩვეულებრივი, უხარისხო აქტივისტები არიან. რომ შეხედო ვიზუალურად, ძალიან დეფექტური ხალხია - ვიღაც გიჟი ქალბატონები, ფემინისტები, ცოტა ჭკუასუსტი კაცები. რეალურ ისეთ ძალას ჩვენ მათში ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ვანდალიზმის ფაქტებს, რამდენიმე ეგეთი ფაქტი ძალიან მკაცრად იქნა აღკვეთილი, ცხვირ-პირში, ისე, პირდაპირ...

მესტიაში მოხდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც სცადეს ჩვენი ლოკაციის დაზიანება და ძალიან მწარედ მოხვდათ ცხვირ-პირში, მართლა მოხვდათ. ეგ მამაკაცებს ეხება და მამაკაცური მიდგომით, თუ ვინმეს რაღაც პრეტენზიები აქვს ჩვენთან, ეგრევე მოხვდებათ.

ასეთმა ქალებმა იყვირონ, იყივლონ რამდენიც უნდათ. პრობლემაა არ არის, პირიქით, ჩვენთვის ეგ პიარია.

როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს რეაგირებას ვანდალური ფაქტებზე და ჩვენ ჩვენი ძალებით, როგორც მესტიაში დავიცავით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცხვირ-პირში მოხვდა ერთს და მაგის მერე რომ სიჩუმეა იქ, აი, ანალოგიური მეთოდებით დავიცავთ ჩვენს თავს. არავის მივცემთ უფლებას, ძალის ენით გველაპარაკონ. ვისაც ძალადობის ენით მოუნდება ჩვენთან ლაპარაკი, იქ ვაჩვენებთ რა არის ძალადობა. ძალადობაზე რომ გადავიდეს საკითხი, ჩვენზე უკეთესად ძალმომრეობა არავინ იცის. ჩვენ ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას, ჩვენს უკან ქვეყანაა, ჩვენ არ შეიძლება უკან დავიხიოთ, მხოლოდ წინ წავალთ. ამიტომ კიდევ უფრო შეუპოვრები, აგრესიულები ვიქნებით და ადრე თუ გვიან მივალთ ამ ქვეყნისთვის აუცილებელ გამარჯვებამდე“, – განაცხადა გიორგი ქარდავამ.

ამ თემაზეშეიძლება გაღვივდეს რელიგიური შუღლი - „ალტ-ინფოს“ მუქარა და ულტიმატუმი მარნეულში

„კონსერვატიული მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი მარტინენკოს თქმით, მესტიაა ერთ-ერთი რაიონი, სადაც „კონსერვატიულ მოძრაობას“ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

„ამ მესტიას რას გადაეკიდნენ, ხალხო. მესტიაში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოზიციები. მესტიაში გვაქვს ოფისი, მუშაობს და ვინც მივიდნენ, ისინიც ცუდად წავიდნენ მერე სახლში. ვიღაც სამი ადამიანი მივიდა, კვერცხი ესროლეს ოფისს. მერე იქ სვანები მივიდნენ, ჩვენი მხარდამჭერები, ცოტა ცუდად დაელაპარაკნენ, არამხოლოდ დაელაპარაკნენ, ესენი წავიდნენ და მერე ეთერში ამბობდნენ გვცემესო. მერე ლაპარაკობდნენ, რომ „ალტ-ინფოს“ ოფისი დაუხურეს მესტიაში“, – თქვა მარტინენკომ.

მანვე საგარეჯოში „კონსერვატული მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ ყველა რეგიონში გვაქვს დიდი მხარდაჭერა. ჩვენზე შემოტევას, ბუნებრივია, ჩვენი მხადამჭერები აღიქვამენ მათზე შეტევას, მათ პოზიციაზე შეტევას და მათ შეურაცხყოფას. როცა მორბიან და ბედავენ ოფისთან, სადაც ან არავინ არ არის ან ერთი-ორი ადამიანი დგას, „მოღალატეებო“ ან „რუსეთის აგენტებო“ მიაჯღაბნონ, ცხადია, ამას ჩვენი მხარდამჭერი აღიქვამს როგორც საკუთარ შეურაცხყოფას იმიტომ, რომ იგულისხმება, თვითონაც იქ რომ იყოს, იგივე პოზიციაში დაელაპარაკებიან. ამ რაღაც ილუზორულ რეალობას რომ ქმნიან, სადაც უკრაინის ჯარი მოსკოვთან დგას, „ალტ-ინფო“ იშლება და დაგვიკეტეს ოფისები – მართლა ეგრე კი არაა, ხალხო, არ დაიჯეროთ.

ზოგადად, ასეთი დამოიკიდებულება ჩვენს მიმართ არ არის უსაფრთხო. ეს არის საზოგადოებაში კონფლიქტის გამომწვევი და ადგილზე ბევრი ადამიანია აღშფოთებული. ვინ რა როგორ გააკეთა, არ ვიცი და ვერ გავარჩევ, მაგრამ, როგორც ჩანს, აღშფოთდა ხალხი, მივიდნენ და „ნაციონალები“, რომლებიც უკვე ბედავენ... 9 წელია ხელისუფლებაში აღარ არიან და ამერიკის მხარდაჭერითა და ამ ომის ფონზე ილუზორული წარმოდგენებით გული მოეცათ და უკვე აგრესიულად, რადიკალურად, ძალაზე იყურებიან და ისე ლაპარაკობენ, მაგაზე ხალხი, რა თქმა უნდა, აღშფოთდება და საგარეჯოში ჩვენთან რომ მოვიდნენ და იქ თუ მიუვიდნენ, როგორი განწყობაც დაეუფლათ ჩვენთან მოსვლის შემდეგ, ისე იმოქმედეს, როგორც ჩანს. როგორი განწყობაც დაეუფლათ ჩვენთან მოსვლის შემდეგ, ისე იმოქმედეს, როგორც ჩანს.

ცხადია, ჩვენი მხარდამჭერების ესთეტიკა და ზოგადად, განწყობები და მეთოდები განსხვავდება - ჩვენი მხარდამჭერები ფლეშმობებს ნაკლებად დადგამენ და შეშფოთებების გამოთქმას ნაკლებად დაიწყებენ. ჩვენიანებს თავისი სტილი აქვთ.

ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ არის დაძაბვა უსაფრთხო საქმე. რომ ძაბავ, ხალხია აქეთაც და ჩვენიანები უკან კი არ დაიხევენ და ხელებს კი არ აწევენ, მოდით გვლანძღეთ და გვცემეთო. ეგრე არავინ დადგება და ნებისმიერ რეგიონში ყველა ჩვენიანი დაიცავს თავის ინტერესებს. მუშტების და ძალის ენით არავინ ალაპარაკებს თავის თავთან. თუ მასე წამოვლენ სალაპარაკოდ, გარწმუნებთ ჩვენიანების მხრიდან იქნება ბევრად უფრო მწვავე პასუხები. მგონი, თანდათან რქები მოუტყდათ, რომ „მივუვარდებით და ამათ აქედან გავყრით“. ასე თუ გაგრძელდა და კიდევ რამდენიმე პროვოკაცია იქნება, ვვარაუდობ, რომ ჩვენიანების მხრიდანაც ისეთი პასუხები იქნება, რომ შემდეგ ეს პროვოკაციები დრამატულად დაიკლებს და შეიძლება გადავიდეს ისევ იმ რიტორიკაში, რომელსაც თითქმის ერთი წელია ვისმენთ – „ეს ხალხი მოძალადეები და საშიშები არიან, დაიჭირეთ და გააუქმეთ მათი პარტია“. ისევ ამ რიტორიკას დაუბრუნდებიან. დაანებებენ ძალის ენაზე ლაპარაკს. დაეტიონ კანონით ჩვენზე რეაგირების მოთხოვნის და ვიღაც ქალბატონების მიერ შეშფოთების გამოთქმის სივრცეში“, – განაცხადა მარტინენკომ.

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომლის ლიდერებიც ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, იანვრიდან საქართველოს რეგიონებში ოფისებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის. პარტიას უკვე 60-ზე მეტი ოფისი აქვს ქალაქების ცენტრებში, მაშინ, როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 40 ათასი ლარიც კი არ არის.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი სწორედ „ალტ-ინფო“ იყო, რა დროსაც თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. დანაშაულის ორგანიზება 5 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო – „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხიდან მაყურებელს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. დაზარალებულთა ჩვენებების და ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურას „ალტ ინფოს“ არცერთი ხელმძღვანელი პირი არ დაუკავებია.

პოლიციამ გამოძიებაც კი არ დაიწყო 3 მარტს, მესტიაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სცემეს იმ ახალგაზრდებს, ვინც სვანეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა გააპროტესტა.

მარნეულის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით იძიებს სამირა ბაირამოვას განცხადებას, რომელმაც მარნეულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გარე ფასადი უკრაინის დროშის ფერებში გადაღება. პარტიის მხარდამჭერი ბაირამოვას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]